კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო
კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო.
მოსალოდნელია, რომ ერთი საათის განმავლობაში კონგრესმენები დებატების განრიგზე იმსჯელებენ, შემდეგ ორი საათის განმავლობაში დებატები გაიმართება, ამის მერე საკითხს კენჭისყრაზე გაიტანენ.
კონგრესმენები “ამბოხისკენ წაქეზების” მუხლს განიხილავენ, გარდა ამისა, ტრამპს ადანაშაულებენ “განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებსა და კანონდარღვევებში”.
პროცედურულად, მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაში გაიმართება კენჭისყრა, საქმე სენატში გადავა.
გუშინ წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდებს ქვეყნის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს, კონსტიტუციის 25-ე შესწორება გამოიყენოს და ტრამპი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. თუმცა, რეზოლუციის დამტკიცებამდე პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებას არ აპირებს.