აშშ-ში, კაპიტოლიუმის შენობაში მყოფებს covid-19 დაუფიქსირდათ, ექსპერტები ეპიდაფეთქებას ვარაუდობენ, ქვეყანაში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ კაპიტოლიუმში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, ახალი ეპიდაფეთქება გაოიწვიოს, რის ვარაუდსაც რამდენიმე ფაქტი ამყარებს. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ათასობით შეკრებილ ადამიანს არ ეკეთა პირბადე, შემდეგ ისინი გადაადგილდნენ სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მომიტინგეების შეჭრის შემდეგ კანონმდებლების ნაწილმა, რომლებიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, ერთ ოთახში მოიყარეს თავი. ერთ სივრცეში მოუწიათ გარკვეული დროის გატარება კაპიტოლიუმის თანამშრომლებს, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს, რომლთა ნაწილიც ადგილზე პირბადეების გარეშე იმყოფებოდა. მოგვიანებით, დემოკრატების ორ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი იმ პირებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ერთ სივრცეში ყოფნისას არ გაითვალისწინეს ელემენტარული წესები და უარი განაცხადეს პირბადის ტარებაზე.
ვაშინგტონის მერის განცხადებით, 22 იანვრის ჩათვლით, აკრძალული იქნება რესტორანში ადგილზე მომსახურება და დაკეტილი იქნება მუზეუმები. თავდაპირველი განცხადების მიხედვით შეზღუდვა, რომელიც ინტერვენციულ ხასიათს ატარებდა, უნდა მოხსნილიყო 15 იანვარს, თუმცა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო შეზღუდვების გახანგრძლივება.

აშშ-ის ყველა შტატში კორონავირუსის გავრცელების დინამიკის ზრდა შეინიშნება. აშშ-ში კორონავირუსს ერთ დღეში 4 327 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 215 805 შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ში, ჯორჯიადან კალიფორნიამდე საავადმყოფოები გადატვირთულია კოვიდინფიცირებულებით. მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა დღესასწაულების შემდეგ. საავადმყოფოებში არაა საკმარისი ექიმების რაოდენობა და ქვეყნის ოთხ შტატში: კალიფორნიაში, არიზონაში, ნევადასა და ჯორჯიაში ცდილობენ, გაუმკლავდნენ პაციენტების დრამატულად გაზრდილ რაოდენობას. განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია კალიფორნიაში, სადაც საავადმყოფოებს მისცეს დავალება, წარადგინონ გეგმა, თუ როგორ აპირებენ გაზრდილი პაციენტებისა და შეზღუდული ადამიანური რესურსების პირობებში მართონ პანდემია. ლოს ანჯელესის საავადმყოფოებში მიმდინარეობს მზადება ე.წ. კრიზისულ რეჟიმზე გადასასვლელად და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს უკვე მიეცათ მითითება, საავადმყოფოში არ მიიყვანონ პაციენტები, რომელთაც გადარჩენის ძალიან დაბალი შანსი აქვთ. ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არიზონაშია, ხოლო ჯორჯიის შტატის ორ საავადმყოფოს ფაქტიურად ამოწურული აქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები. ექიმებისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თვალსაჩინო გახდება, თუ როგორ იცავდნენ რეგულაციებს ამერიკელები და შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება საერთო ეპიდემიოლოგიურ სურათზე. რაც შეეხება საერთო ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, უკვე შვიდი დღეა, აშშ-ში, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 200 ათასზე მეტია და 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ჰოსპიტალიზებას საჭიროებს 100 ათასზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები