სერგო ჩიხლაძე: ივანიშვილის წასვლა არ იმოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგზე
“სამწუხაროდ, ივანიშვილს ჰგონია, რომ შეუძლია, ოპოზიციაც კი დანიშნოს ისე, როგორც მთავრობას ნიშნავს – ეს არ შეესაბამება რეალობას”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.
„ოპოზიცია ძალიან მრავალფეროვანია. ახალი ძალის, ახალი ოპოზიციური პარტიის გაჩენა არავის ნებაზე არ არის დამოკიდებული, სამწუხაროდ, ივანიშვილს ჰგონია, რომ შეუძლია, ოპოზიციაც კი დანიშნოს ისევე, როგორც მთავრობას ნიშნავს – ეს არ შეესაბამება რეალობას, ოპოზიცია მრავალფეროვანია, თუმცა შესაძლებელია ამ ოპოზიციურ ფრონტზე, რა თქმა უნდა, გადალაგება, გამსხვილება, ახალი მოთამაშეების შემოსვლა – ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამას ბატონი ივანიშვილი ვერ გააკონტროლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის წასვლა არ იმოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგზე და არ მგონია, რომ დიდი გავლენა მოახდინოს მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც უკვე გვიანდება და „ქართული ოცნება” ახდენს ამის დესტრუქციას. სამწუხაროდ, მოლაპარაკებებისთვის დრო და სივრცე უფრო და უფრო ცოტა რჩება, რადგან უსასრულოდ არ შეიძლება, ეს პროცესი გაიწელოს”, – აღნიშნა ჩიხლაძემ.