ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება ღრმა ანალიზს მოითხოვს, ნუ ავჩქარდებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე გაანალიზდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ასევე ის პროგრესი, რაც შემზღუდველი ღონისძიებების შედეგია და შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ამის საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

გამყრელიძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რომელიც 16 იანვრის შემდეგ გეგმის მიხედვით მოლების გახსნასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ეხებოდა.

„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე, შემდეგ გავაანალიზებთ, რა შედეგები მოგვცა 24-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკამ და ამის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილებები. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 1 143 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, გუშინ გვქონდა ორიათასი, შემთხვევების ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა  – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, როგორც მას აქვს ინფორმაცია, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ტესტირება ჩაუტარდა დაახლოებით რელიგიის 3 000 მსახურს.

„მოგეხსენებათ, რომ ამ წლის დასაწყისიდან ე.წ. სისტემურად ტესტირებულთა ჯგუფებს დაემატა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის მაგალითად, სისტემურად იტესტებიან ტაქსის მძღოლები, გარკვეული პერიოდულობით, იგივე ღია ბაზრობების მოვაჭრეები. ასევე, იყო მოლაპარაკება როგორც მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ისე სხვა კონფესიებთანაც, რომ რელიგიის მსახურებს გარკვეული პერიოდულობით ჩაეტარებინათ ტესტირება.

აქედან გამომდინარე, ეს მიმდინარეობს ყოველდღიურად, თუ არ ვცდები, დღეის მონაცემებით, სადღაც რელიგიის 3 000 მსახურია ქვეყანაში დატესტილი, ეს ძირითადად ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტებით, ხოლო გარკვეული პერიოდულობით ასევე ტარდება „პისიარ“ კვლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები