დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით მეუფე იოანე ისრაელის ელჩს შეხვდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე იოანეს ებრაელი ხალხი კნინობით ფორმაში არ მოუხსენიებია.

მისივე თქმით, მეუფე იოანე ისრაელის ელჩსაც შეხვდა, სადაც, მისი თქმით, ყველაფერი გაირკვა.

„მეუფე იოანემ გააკეთა ამის შესახებ დაწვრილებითი განმარტება. მას ებრაელი ხალხი არ მოუხსენიებია არანაირ კნინობით ფორმაში. მისი ნათქვამი ეხებოდა იმ ჯგუფებს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მუდამ ცდილობს, რომ რაღაც ჩრდილი მიადგეს ეკლესიას. ეს მათ მიმართ იყო ნათქვამი.

„ქრისტიანთა მდევნელი“ კი არ უწოდა, მან მოიყვანა ისტორიული ციტატა წმინდანის, როცა უკვე თავისი სიტყვებით ლაპარაკობს, ის ამბობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოისაზღვრება ეთნიკური ნიშნით და ამის მერე ჩვენს ქართულ რეალობაზე ლაპარაკობს. ვისაც უნდა სწორად გაგება, მან საკმაოდ დეტალურად განმარტა, შეხვდა ისრაელის ელჩს საქართველოში და იქ ყველაფერი იყო ცხადი“, – განაცხადა ჯაღამაიძემ.

ცნობისთვის, ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მიეღო ყველა ზომა ანტისემიტური განწყობების გაღვივების წინააღმდეგ. ელჩი საუბრობდა ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვრის და მეუფე იოანეს განცხადებებზე.

ელჩის განცხადებას მოგვიანებით ტვიტერით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა დაწერა, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები