აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა; CDC-ის პროგნოზის მიხედვით, იანვარი იქნება ყველაზე ცუდი თვე პანდემიის დაწყებიდან

აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3 865 ადამიანი. ასევე, რეკორდულად მაღალია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაცით, CDC-ის პროგნოზის მიხედვით, იანვარი იქნება ყველაზე ცუდი თვე პანდემიის დაწყებიდან.

„ვარაუდობენ, რომ იანვრის ბოლოს ქვეყანაში საშუალოდ იქნება 405 000- 438 000 კოვიდ გარდაცვლილი. თუმცა, ენტონი ფაუჩი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის ტემპის აჩქარება სიტუაციას შედარებით შეამსუბუქებს.
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე სიტუაცია კალიფორნიაშია, სადაც მაღალია როგორც ინფიცირების, ისე – გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზების მაჩვენებლები. ასევე, განუზომლად დიდია დაწოლა ლოს ანჯელესის ჯანდაცვის სექტორზე, რომელიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ, მოცემული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ინფიცირების მაჩვენებლის დასტაბილურებას დიდი დრო დასჭირდება“, – წერს უცხოური მედია.

სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ 6 იანვარს აშშ-ში ლაბორატორიულად დამტკიცებული, კოვიდინფიცირების 253 145 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 3 865 ადამიანი.

„იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი არ დაჩქარდება და ტემპი შენარჩუნდება იგივე, კვლავ დამძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვაქცინების დოზების საერთო რაოდენობის 70% „დევს თაროებზე“ და მხოლოდ 14% არის უკვე ადმინისტრირებული.
იმუნიზაციის კოალიციის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რთული იქნება სიტუაციის შემობრუნება, რადგან აუცილებელია ვაქცინაციის საერთო პროცესის გაუმჯობესება რაც საჭიროებს დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაციის პროცესს ართულებს ის დამატებითი რეგულაციები, რაც განსხვავდება სხვა ვაქცინაციის დროს შემუშავებული რეგულაციებისგან“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები