“ახლა თუ არა, მაშინ როდის?” – აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ვადაზე ადრე გათავისუფლების გზებზე მსჯელობენ

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრები, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები მზად არიან, ქვეყნის პრეზიდენტის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლო სცენარზე იმსჯელონ.

ამის შესახებ Axios რესპუბლიკურ პარტიაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

განხილვის მიზეზი გახდა შიში, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში ტრამპის ხელისუფლებაში ყოფნამ შესაძლოა, ახალი არეულობა და შეტაკება გამოიწვიოს. აღნიშნული კი უარყოფითად აისახება არა მარტო დონალდ ტრამპზე, არამედ – რესპუბლიკურ პარტიაზეც.

შესაძლო ვარიანტებს შორის განიხილება იმპიჩმენტის პროცედურა, თუმცა ამისთვის, სავარაუდოდ, დრო აღარ დარჩა. ასევე, ქვეყნის კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ლიდერის თანამდებობიდან გადაყენებას, თუ ამას მოითხოვენ ვიცეპრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთა უმრავლესობა.

გარდა ამისა, სავარაუდო ნაბიჯებს შორის არის კონგრესის მხრიდან ტრამპისთვის უნდობლობის გამოცხადება.

კონგრესში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა მაიკ პენს მოუწოდეს, მიიღოს საჭირო ზომა ტრამპის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის.

როგორც სატელევიზიო ინტერვიუში დემოკრატმა კონგრესმენმა, მადლენ დინმა განაცხადა, “სამარცხვინო პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ვიმედოვნებთ, რომ 25 შესწორების გამოყენებას შევძლებთ. ახლა თუ არა, მაშინ როდის?!”.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია CBS-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტრამპის გათავისუფლების საკითხს, ასევე, მისი კაბინეტის წევრებიც განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები