ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები გმობენ

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან და მომხდარს გმობენ.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, “ტრამპმა და მისმა მომხრეებმა, ბოლოსდაბოლოს, უნდა მიიღონ ამერიკელი ამომრჩევლის გადაწყვეტილება და შეწყვიტონ დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა. დემოკრატიული ინსტიტუტების უგულებელყოფა დამანგრეველი შედეგების მომტანი შეიძლება, იყოს”.

მისმა ფრანგმა კოლეგამ, ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე მოუწოდა ამერიკის პრეზიდენტს არჩევნების შედეგების აღიარებისკენ. მისი თქმით, აშშ-ის ინსტიტუტებზე ძალადობა დემოკრატიაზე თავდასხმას ნიშნავს.

ავსტრიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვან დერ ბელენის განცხადებით, არეულობა “პოპულისტების მიერ პროვოცირებული ანტიდემოკრატიული თავდასხმაა ამერიკის დემოკრატიის გულში”. მისი თქმით, “თავისუფალი არჩევნების შედეგების პატივისცემა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა დემოკრატიის საფუძვლებს წარმოადგენენ”.

ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე ხაზს უსვამს “ამერიკის ინსტიტუტებისა და დემოკრატიის ძალას” და ამბობს, რომ მოუთმენლად ელოდება ჯოზეფ ბაიდენთან მუშაობის დაწყებას.

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს არჩევნების დემოკრატიული შედეგების პატივისცემისკენ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა კი შეშფოთება გამოთქვა განვითარებული მოვლენების გამო და თქვა, რომ “სამარცხვინო სცენებს აკვირდება”.

თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ანკარა ყველას მოუწოდებს თავშეკავებისა და კეთილგონიერებისკენ”, ასევე, დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი “პოლიტიკურ კრიზისს გადალახავს”.

ამავე პათოსის შემცველი განცხადება ცოტა ხნის წინ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ჰელგა შმიდტმა გააკეთა და აღნიშნა, რომ “დემოკრატიული არჩევნების შედეგი ასევე კონსტიტუციური პრინციპების პატივისცემა აუცილებელია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები