მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები იზრდება, – ქვეყნების უმრავლესობამ ე.წ. ლოკდაუნი გამოაცხადა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში, ლოს ანჯელესის შტატში, ყოველ 15 წუთში იღუპება ერთი კოვიდინფიცირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გადავსებულია საავადმყოფოების მორგები, გაზრდილია სასწრაფო დახმარების ლოდინის დრო და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლები თავისუფლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი იღუპება.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, სიტუაცია კატასტროფულად მძიმეა. თვეზე ნაკლები დასჭირდა ლოს ანჯელესში სიტუაციის დრამატულად დამძიმებას და ინფიცირებულების რაოდენობის გაორმაგებას. ასევე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მისცეს დავალება, რომ საავადმყოფოებში აღარ გადაიყვანონ ის პაციენტები, ვისაც გადარჩენის შანსი არ აქვს. რიგებია საავადმყოფოების შესასვლელებთანაც.

ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, ენტონი ფაუჩიმ გაავრცელა შემდეგი განცხადება: „საკმარისია ადამიანი მივიდეს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, რომ დარწმუნდეს, ეს არის ნამდვილი ციფრები, ნამდვილი ადამიანები და ნამდვილი გარდაცვლილები“.

აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი ჯერ კიდევ ნელი ტემპით მიდის, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია 15 მილიონ 400 ათასი დოზა, ხოლო აცრილია 3-ჯერ ნაკლები ადამიანი. ნიუ ჯერსის შტატის ოფიციალური განცხადებით, ვაქცინის მხოლოდ 25%-ია ადმინისტრირებული, თუმცა, იმედოვნებენ, რომ დღესასწაულების შემდეგ, პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის სწრაფად გავრცელების პირობებში, კვლავ მაღალია მობილობა. 3 იანვარს მილიონ სამასი ათასი მოგზაური დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტებში.

იტალიაში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.
2020 წლის 27 დეკემბრიდან დღემდე, იტალიის მასშტაბით, ქვეყანაში არსებული ვაქცინის მთლიანი მარაგის მხოლოდ 25% იქნა ათვისებული. აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზად სამედიცინო დაწესებულებებში არსებული არაორგანიზებულობა, სამედიცინო პერსონალის სიმცირე და საახალწლო პერიოდში ექიმების შვებულებაში გასვლა სახელდება;
ხარვეზები განსაკუთრებით შესამჩნევია ლომბარდიაში, სადაც ეპიდვითარება სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო გართულებულია. ლომბარდიის რეგიონში, ამჟამად, მხოლოდ 119 000 ადამიანია ვაქცინირებული;

4 იანვარს, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 10 800 შემთხვევა და გარდაცვალების 348 ფაქტი დაფიქსირდა. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის ჩრდილოეთ ვენეტოში, სასწავლო პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის განცხადებით, ისინი შეძრწუნებულები არიან იმ ფაქტით, რომ ლოქდაუნის გამოცხადების პარალელურად, არაფერი თქმულა ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამაზე. მათი განცხადებით, ლოქდაუნის შემდეგ, როდესაც ეკონომიკა გაიხსნება, დიდი ალბათობით, „ბიზნესები უბრალოდ აღარ იარსებებს“, თუ მათთვის ამ პერიოდში არ იქნება განსაზღვრული გარკვეული მხარდაჭერის პროგრამები. სავაჭრო პალატის განცხადებით, ბიზნესის მფლობელებს ესმით, რომ ქვეყანაში არის რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და გაგებით მოეკიდებიან პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, ვერ გაიგებენ იმას, თუ რატომ არაფერი თქვა პრემიერმა ამ რთულ პერიოდში ბიზნესების დახმარების შესახებ. ათობით ათასი ფირმა უკვე რთულ სიტუაციაშია და როგორც ჩანს, ქვეყანას წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი ელოდება.

გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების და ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, 4 იანვარს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ინგლისში საყოველთაო „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომელიც მ/წ 5 იანვარს შევა ძალაში და სავარაუდოდ მ/წ თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება;
დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებით, 20%-ს აღწევს კოვიდ ინფიცირებულების გარდაცვალების მაჩვენებელი და საავადმყოფოები იმაზე გაცილებით მეტადაა გადატვირთული, ვიდრე პანდემიის პირველი ტალღის დროს – სხვაობა თითქმის 40%-ია. 2020 წლის 29 დეკემბერს თითქმის 80 ათასი ადამიანი იყო კოვიდ ინფიცირებული დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, რაც ახალი ანტირეკორდი იყო მეორე ტალღის პირობებში. “ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ასეთი გავრცელების პირობებში ჯანდაცვის სერვისი შეძლებს სათანადოდ გაუმკლავდეს პანდემიას. დამატებითი შეზღუდვების დაწესების გარეშე არსებობს რისკი, რომ მომდევნო 21 დღის განმავლობაში ჯანდაცვის სერვისი რამდენიმე მიმართულებით დადგება მატერიალური რისკების წინაშე“.

„ლოქდაუნის“ პირობებში, მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, გარეთ გადაადგილება ეკრძალებათ და სახლიდან გასვლა დღეში ერთხელ, მხოლოდ ვარჯიშის მიზნით შეუძლიათ. ბიზნეს სექტორს თანამშრომლების დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანა დაევალა. „ლოქდაუნის“ დროს, ყველა სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი, ასევე მომსახურეობის სექტორი დახურული იქნება;

ოფიციალური განცხადების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მკაცრი შეზღუდვები მალე მოიხსნება, რადგან წინაა ძალიან რთული რამდენიმე კვირა, როდესაც ქვეყანას მოუწევს იბრძოლოს კოვიდის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად. ბორის ჯონსინის თქმით თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, ვაქცინაციის პროცესსა და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული

საზოგადოებამ საფრანგეთის ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა, იმუნიზაცია უკვე მეხანძრეებისთვის და მომსახურე სფეროში მომუშავე 50 წელს გადაცილებული პერსონალისთვის გახდა ხელმისაწვდომი;
ვაქცინაციის დაწყებიდან პირველ კვირას, ქვეყენაში მხოლოდ 516 ადამიანის ვაქცინაცია მოხდა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის, შეფასებით, მომდევნო დღეებში, საფრანგეთი მეზობელი ქვეყნების ვაქცინაციის ტემპებს დაეწევა;
საფრანგეთში, 75 წელს გადაცილებული მოქალაქეები ვაქცინაციას მ/წ იანვრის ბოლოდან შეძლებენ, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება.

იმუნიზაციის პროცესი ესპანეთში განსხვავებული ტემპებით მიმდინარეობს. მაგალითად, კანტაბრიამ ვაქცინის მხოლოდ 5,2% ათვისა, მადრიდმა მიწოდებული ვაქცინის მხოლოდ 6% გამოიყენა. კატალონიამ ვაქცინის 14% აითვისა, ვალენსიამ – 16%, ხოლო ანდალუსიამ კი 37% გამოიყენა.

ვალენსიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც მ/წ 7 იანვარს შევა ძალაში და თვის ბოლომდე იმოქმედებს. კერძოდ, რეგიონის 26 მუნიციპალიტეტს შორის გადაადგილება შეიზღუდება. კომენდანტის საათი 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათიდან დაიწყება. მხოლოდ 6 ადამიანის შეკრება იქნება დასაშვები, როგორც საჯარო, ისე კერძო სივრცეში; მეტწილად „სამი მეფის დღის“ ეროვნულ დღესასწაულს უკავშირდება, ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში – მათ შორის, ბალეარის კუნძულებზე, კანარის კუნძულებზე, მურსიასა და ბასკეთში დაწესებული შეზღუდვები.

გერმანიის ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლება შეთანხმდა, რომ ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი გაგრძელდება მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, 31 იანვრამდე. გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში აღირიცხა 11 900 კოვიდ ინფიცირებული, ხოლო გარდაიცვალა 944 ადამიანი. მთავრობის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მკაცრი შეზღუდვები თავის შედეგს გამოიღებს და ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება.

ბელგიელმა ვირუსოლოგმა, მარკ ვან რანსტიმ (Marc Van Ranst) გააკრიტიკა 3 იანვარს, ბრიუსელის აეროპორტში არსებული სიტუაცია და განაცხადა: „სწორედ ეს უწესრიგობაა ის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებდით მოგზაურობის იდეას პანდემიის პერიოდში. ვირუსს უყვარს ხალხმრავლობა და დახურული სივრცეები“. ასევე, რანსტიმ მიმართა აეროპორტისა და პოლიციის თანამშრომლებს და დასძინა, რომ მათ კარგად იცოდნენ რომელ საათზე რა რაოდენობის ხალხი ჩამოვიდოდა აეროპორტში. შესაბამისად, მათივე პასუხისმგებლობა იყო, რომ ინფორმაციის საფუძველზე პროცესი უკეთ ყოფილიყო ორგანიზებული.

ხალხმრავლობას აკრიტიკებდნენ თავად მოგზაურებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ბრუნდებოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეკეთა პირბადე, რიგებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო დისტანციის დაცვა. ბრიუსელის აეროპორტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ხალხმრავლობა, რომელიც მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა, იყო მხოლოდ იმ პუნქტთან, სადაც ხდებოდა მგზავრების საბუთების შემოწმება. მათივე განცხადებით, აეროპორტის ადმინისტრაცია მუშაობს ფედერალურ პოლიციასთან ერთად, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი სიტუაციები.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში „ლოქდაუნი“ 24 იანვრამდე გახანგრძლივდა.რაც შეეხება გარდაცვლლთა რაოდენობას, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 24 246 და გარდაიცვალა 518 ფაქტი გამოვლინდა. თურქეთში კი კორონავირუსით ინფიცირების 13 695 და გარდაცვალების 197 ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები