პროფკავშირების გაერთიანება მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ყოფილი ბიზნესომბუდსმენის მიერ ინიცირებულ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ყოფილი ბიზნესომბუდსმენის მიერ ინიცირებულ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს.
ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“2020 წლის ბოლოს პარლამენტის წევრმა და ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა ბატონმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა,[1] რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შრომის კოდექსში და იხილება დაჩქარებული წესით.
ინიციატივის თანახმად, შრომის კოდექსიდან ამოღებული უნდა იყოს, წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები, ასევე უნდა გაუქმდეს ის ჩანაწერები, რომლებიც ავალდებულებს დამსაქმებელს შშმ დასაქმებულის მიმართ გონივრული მისადაგების პრინციპის გამოყენებასა და ისეთი პირის დასაქმებას, რომლის ხელფასიც ნაწილობრივ სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მიერ.[2]
აღსანიშნავია, რომ მითითებული ნორმა-პრინციპები შრომის კოდექსში აისახა მშრომელთა მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად და განპირობებული იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური 111-ე კონვენციით (დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ)[3] აღებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით. შრომის კანონმდებლობის ცვლილებები და დასაქმებულთა დაცვის სტანდარტების დადგენა წარმოადგენდა, ევროკავშირის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მკაცრ მოთხოვნას. საგულისხმოა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, 10 წლის მანძილზე იხილავდა პროფკავშირების პეტიციას საქართველოში მშრომელთა უფლებების დარღვევის შესახებ და დღის წესრიგში კატეგორიულად სვამდა შრომითი უფლებების დაცვისა სტანდარტებისა და მისი აღსრულების მექანიზმის, შრომის ინსპექციის შექმნისა და გაძლიერების საკითხს.
გარდა ამისა, უკიდურესად აღმაშფოთებელია კანონპროექტის ინიცირების და განხილვის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სრულიად გაუმჭვირვალედ, სოციალური დიალოგის ერთ-ერთ მთავარ აქტორთან, პროფესიულ კავშირებთან კონსულტაციების გარეშე. მით უმეტეს, რომ აღნიშნულ ვალდებულებას საქართველოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აკისრებს, როგორც წევრს და სწორედ ამისთვის არსებობს ინსტიტუციური მექანიზმი, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სახლით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ინიციატივა იხილება იმ დროს, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და შრომით სამართლებრივი ურთიერთობები ისედაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, დასაქმებულთა უფლებები კი ტოტალურად ირღვევა.
აქვე უნდა ითქვას, რომ განმარტებითი ბარათი არის დაუსაბუთებელი და არ იძლევა არანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, რა საჭიროება ან ახსნა აქვს მსგავსი კანონის მიღებას. უფრო მეტიც, კანონპროექტის ინიციატორი, მიზანმიმართულად ცდილობს, შრომის ფუნდამენტური სტანდარტის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების ტექნიკურ საკითხად გაყვანას და მისი მხარდაჭერის ამგვარად მოპოვებას.
საგულისხმოა ისიც, რომ პარლამენტმა საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული ცვლილებები შრომის კოდექსში შეიტანა სულ ახლახანს, 2020 წლის 14 ივლისს და 29 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებების მიღებას ეწინააღმდეგებოდა და მწვავედ აკრიტიკებდა საქართველოს ბიზნესსექტორი, რის გამოც კანონის მიღება დროში გაჭიანურდა და განხილვის პროცესი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ნიშანდობლივია, რომ ამჟამინდელი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილია ყოფილი ბიზნესომბუდსმენის მიერ, (რომელმაც მაშინ, წინა სტატუსით ვერ მოახერხა ინიციატივის გატანა). ყოველივე ზემოთქმული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ინიციატივა მომდინარეობს ფარული ბიზნეს ლობიდან და ამჯერად, მისი გატანა პარლამენტარის სტატუსის საფარ ქვეშ იგეგმება.
ამგვარ ეჭვს ამყარებს და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ამჟამინდელი პარლამენტი ძირითადად კვლავ ბიზნესმენებითაა დაკომპლექტებული და საქართველოს პარლამენტის მოქმედ შემადგენლობაში ბიზნესი მსუყედ არის წარმოდგენილი – 100 წევრიდან 13 იდენტიფიცირებული მილიონერია.[4] ეს მაშინ როდესაც, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მშრომელთა არც ერთი წარმომადგენელი არაა.
მისასალმებელია ის, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენის ფორმატში უკვე იმსჯელა წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში დისკრიმინაციის აკრძალვის ამოღების შესახებ ინიციატივაზე და რამდენიმე მაღალი კომპეტენციის მქონე პარლამენტარის ჩარევით, მხარი არ დაუჭირა, თუმცა შშმ დასაქმებულის მიმართ გონივრული მისადაგების პრინციპის დაცვისა და ისეთი პირების დასაქმების ვალდებულების შესახებ, რომელთა ხელფასიც ნაწილობრივ სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მიერ, პარლამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებშიც იმსჯელებს.[5]
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება შეშფოთებულია ასეთი „ფრაგმენტული“ და დასაქმებულთა უფლებების დაცვის სტანდარტის შემასუსტებელი ცვლილებებით, რაც ნელ-ნელა, ეტაპობრივად გამოიწვევს შრომის კოდექსში მშრომელთა უფლებების დაცვისა და განმტკიცების მიზნით შეტანილი ნორმების გაუქმებას. გაერთიანება უკიდურესად საშიშად მიიჩნევს ამგვარ ტენდენციას და გამოთქვამს შიშს, რომ მსგავსი ინიციატივები გამოშიგნავს შრომის კოდექსს, ფასადურს გახდის აქამდე მიღწეულ პოზიტიურ ცვლილებებს.
ჩვენ კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ აღნიშნული პროცესის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს და საშუალებას, რათა არ შესუსტდეს მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიღწეული დასაქმებულთა შრომის დაცვის ისედაც არც თუ ისე მაღალი სტანდარტები.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს პარლამენტს:
მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს;
მომავალში, შრომით უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინიციატივის განხილვა უზრუნველყოს სოციალური დიალოგის ფორმატში , ქვეყანაში მოქმედი ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ჩართულობით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.