კორონავირუსის ახალი შტამი აშშ-ის 4 შტატსა და 40-მდე ქვეყანაშია გავრცელებული – აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის კიდევ ერთი, ძლიერი ტალღა სისტემის სრულ კოლაფსს გამოიწვევს

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამი აშშ-ის 4 შტატსა და 40-მდე ქვეყანაშია გავრცელებულია, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, CDC-ის წარმომადგენლის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ახალი შტამი ხასიათდება მაღალი ლეტალობით, თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კოვიდის ახალი შტამი ვრცელდება ბევრად უფრო სწრაფად, რაც ნიშნავს იმას, რომ მომატებული ინფიცირების მაჩვენებლის პირობებში ბუნებრივად გაიზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე.

აღნიშნულია, რომ ნიუ იორკში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა და ის აშშ-ის მეოთხე შტატია ფლორიდის, კალიფორნიისა და კოლორადოს შემდეგ, სადაც ახალი შტამი გამოვლინდა.

უცხოური მედია ასევე საუბრობს ვაქცინაციის პროცესზე აშშ-ში.

„აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი, ჯერჯერობით, ნელი ტემპით მიმდინარეობს. ზოგიერთი შტატის განცხადებით, მათ აქვთ გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ფედერალურ დონეზე დამტკიცებული ვაქცინაციის ერთიანი სტრატეგია, ყველა შტატი მოქმედებს საკუთარი პროტოკოლით და განსაზღვრავს, რა ეტაპზე რომელი რისკ-ჯგუფი აცრას. აღსანიშნავია, რომ შტატები სირთულეებს აწყდებიან ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის დროსაც, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივად ცვლის ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელსაც ცალკეული შტატები მიიღებენ. რამდენიმე შტატის გუბერნატორმა შესთავაზა ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ვაქცინაციის პროცესის ფედერალურ დონეზე დაგეგმვაში მონაწილეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვთ მსგავსი გამოცდილება, რათა პროცესი უფრო ეფექტურად და სწრაფად წარიმართოს“, –  წერს უცხოური მედია.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის კიდევ ერთი, ძლიერი ტალღა გამოიწვევს სისტემის სრულ კოლაფსს.
„ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები ნელ-ნელა იწურება და შეუძლებელი იქნება არა თუ კორონავირუსით ინფიცირებულების, არამედ, მაგალითად, გულის შეტევით საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა. 31 დეკემბერს, პანდემიის დაწყების დღიდან დაფიქსირდა ჰოსპიტალიზების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ერთ დღეში  125 379 შემთხვევა. სფეროს ექსპერტების აზრით, ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ კარგად გააზრებული, თუ რა შეიძლება, გამოიწვიოს ხალხმრავალმა შეკრებებმა და კოვიდ რეგულაციების უგულებელყოფამ.
ვაშინგტონის გუბერნატორმა 11 იანვრამდე გაახანგრძლივა სოციალური შეკრებებისა და დახურულ სივრცეებში მომსახურების შეზღუდვები. მისი განცხადებით, დამატებითი რეგულაციების შესახებ მიმდინარე კვირაში გაკეთდება დეტალური განცხადება.
კალიფორნიის შტატის დამკრძალავი ბიუროების განცხადებით, მათ უწევთ, უარი უთხრან ამერიკელებს შესაბამის მომსახურებაზე, რადგან არ ყოფნით რესურსი. ერთ-ერთი ბიუროს ხელმძღვანლის განცხადებით, 40 წლის მანძილზე პირველად უწევს, უარი უთხრას გარდაცვლილთა ოჯახებს, რადგან შეუძლებელია ასეთ მაღალ დატვირთვასთან გამკლავება – ახლანდელი მოთხოვნა 6-ჯერ აღემატება ჩვეულს. ინფორმაციისთვის, 3 იანვარს შტატში კორონავირუსის 45 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები