„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე მოსახლეობას დამდეგ 2021 წელს ულოცავს.
მისი თქმით, მიმდინარე წელმა მრავალი პრობლემა დატოვა მომავალი წლისთვის, როგორიცაა პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი და გაღარიბებული მოსახლეობა.
“მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი. პირველ ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ, რომ კოვიდ პანდემიის ის ბოროტი აჩრდილი, რომელმაც ამდენი მწუხარება და ტკივილი მოუტანა მთელს მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანას, სამუდამოდ ჩაგვებარებინოს განვლილი წლისთვის. ჯანმრთელობასთან ერთად, ასევე გისურვებთ სიკეთეს, მშვიდობასა და კეთილდღეობას, ძალიან რთული იყო განვლილი 2020 წელი, ძალიან ბევრი პრობლემა დატოვა მომავალი წლისთვის, დაგვიტოვა პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი, ძალიან დიდი პრობლემები, გაღარიბებული და გაჭირვებული მოსახლეობა. ამ ყველაფერს არ სჭირდება ხელების ჩამოყრა და უიმედობა, ამ ყველაფერს სჭირდება შრომა, ბრძოლა, იმედი და წინსვლა. მე მინდა, სწორედ ეს გისურვოთ, რომ 2021 წელი ყოფილიყოს შრომის, წინსვლის, განვითარებისა და კეთილდღეობის მოტანის წელი, ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანასა და ჩვენ მოსახლეობას. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და თითოეულ ოჯახს საქართველოში ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიკეთეს, კეთილდღეობასა და განვითარებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.