ირაკლი ღარიბაშვილი: ამ წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მდგრადი და სტაბილური გახდა, ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ
„ჩვენ გაცხადებული მიზანი გვაქვს – ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს მაქსიმალურად თავსებადი ნატოსთან. შესაბამისად, ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი, გაძლიერდეს, საბრძოლო მზადყოფნა იყოს განსაკუთრებით მაღალ დონეზე და გახდეს ნატოსთან თავსებადი ძალა, რაც შეიძლება მოკლე დროში“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის უწყებაში გატარებული ყველა რეფორმა თუ სტანდარტი საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება.
მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიღწეულ პროგრესს პარტნიორებიც აღნიშნავენ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებაში სტანდარტების აწევის თვალსაზრისით ყველა მიმართულებით საკმაოდ დიდი ნახტომი გაკეთდა. „მე ვთვლი, რომ ამ წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მდგრადი გახდა განვითარება და კიდევ უფრო სტაბილური. მე ისეთი სტანდარტები შემოვიღე, შემიძლია ამაყად და თამამად ვთქვა, რომ ამ სტანდარტების გაუარესება ყველას გაუჭირდება. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება ვალდებული და იძულებული, რომ მინიმუმ ეს სტანდარტი შეინარჩუნოს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ჯარში ახალი სტანდარტების დანერგვის კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის აღჭურვილობაზე, ჩაცმულობასა და ყაზარმებზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართველი ჯარისკაცები მართლაც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. მან ჯარისკაცის პირად ეკიპირებაზე პრაქტიკული მაგალითიც მოიყვანა და განმარტა, რომ დღეს ქართულ ჯარს ისეთივე ზამთრის თუ ზაფხულის ფეხსაცმელი აცვია, როგორიც გერმანიის, ბრიტანეთის თუ საფრანგეთის ჯარს.
ახალი სტანდარტების დანერგვის კუთხით მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თავდაცვის ძალებში 250 ობიექტზე გასულ წელს დაიწყო რემონტები, რომელსაც ხარჯების დაზოგვის მიზნით თავდაცვის უწყების კომპანია ახორციელებს. მინისტრმა აქცენტი ყველა ბაზის ერთ სტანდარტში მოქცევაზე გააკეთა, რომლის ინპირაციაც მან აშშ-ში, შემდეგ კი, გერმანიაში ამერიკულ ბაზებზე ვიზიტისას მიიღო, სადაც სამხედრო ბაზები არის ერთი სტილის, ერთი სტანდარტის, საქართველოსთვის ეს საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილებაა. ყველაფერი საუკეთესო ჯარს – მინისტრმა ამ კონტექსტში მახათას მთაზე დაწყებულ გრანდიოზულ პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯარის ქალაქში ათასი ბინა შენდება, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2022 წელს სამხედროებს ჩაბარდება.