„ტახტიძირის სამაროვნები“ – იულონ გაგოშიძის წიგნის ონლაინწარდგენა
28 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი იულონ გაგოშიძის წიგნის – „ტახტიძირის სამაროვნების“ ონლაინწარდეგნას მართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნში პირველად გამოქვეყნდა არქეოლოგიური მასალა ორი სამაროვნიდან, რომლებიც გაითხარა 1996-1997 წლებში ანტიკური ხანის ნაქალაქარზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტიძირთან და ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დედოფლის მინდვრის ფონდში.
გვიანაქემენიდური-ადრეელინისტური ხანის (ძვ.წ. IV-III სს) სამარხებში აღმოჩენილი საკმაოდ მდიდრული ინვენტარი – ოქროს და ვერცხლის სამკაული, საბეჭდავი ბეჭდები, საბერძნეთიდან და ირანიდან შემოტანილი ნივთები, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი, კოლხური თეთრი, და რაც მთავარია, სამარხების კონსტრუქცია, რომელიც მსგავსია ვანში, საირხეში და ითხვისში გათხრილი მდიდრული სამარხებისა. აღნიშნული გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ სამაროვანზე იკრძალებოდნენ საზოგადოების არა რიგითი წევრები, არამედ მმართველი არისტოკრატიის წარმომადგენლები. ამასვე ადასტურებს სამარხებში შეკაზმული ცხენებისა და მსახურთა ჩაყოლების ფაქტებიც.
მეორე, გვიანელინისტური-ადრერომაული ხანის (ძვ.წ. II-I სს) სამაროვანზე იმარხებოდნენ რიგითი მოქალაქეები. სამარხებში აღმოჩენილი პართული მონეტები და საკმაოდ მრავალფეროვანი, მათ შორის იმპორტული ნივთები (მინის სანელსაცხებლე, ეგვიპტური მძივები) მეტყველებს ქართლის სამეფოს ჩართულობაზე საერთაშორისო ვაჭრობაში.
პრეზენტაცია გაიმართება 28 დეკემბერს, 16:00 საათზე.
წიგნი მომზადდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
პრეზენტაციაზე დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3azjNSW