კრემლმა ბელარუსს კრედიტი გამოუყო – რუსული “გაზპრომი”-სთვის ვალის დასაფარად

მინსკსა და სხვა დიდ ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციები და საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ყოველკვირეულად იმართება „ეროვნული ტრიბუნალის მარში“. ლუკაშენკოს მომხრე სამართალდამცველები მომიტინგეებს კვლავ აკავებენ, ფიზიკურად უსწორდებიან, იტაცებენ და დევნიან. არა და, ლუკაშენკოს დიქტატურის დასრულებას არა მხოლოდ ახალგაზრდები ითხოვენ, რომელთაც შესაძლოა, მეტი ინფორმაცია აქვთ დასავლური და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, არამედ – ასაკოვანი მოქალაქეებიც – ბელარუსი ძალოვნები საკუთარი ბებია-ბაბუების ტოლ ადამიანებსაც სასტიკად უსწორდებიან. ოპოზიციონერების მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე წევრი ევროპაში იმყოფება და აქტიურ მხარდაჭერას იღებს როგორც ევროკავშირისგან, ასევე, სხვა ევროპული სტრუქტურებისგან. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა სვეტლანა ტიხონოვსკაია, სვეტლანა ალექსიევიჩი, მარია კოლესნიკოვა და სხვა ბელარუსი ოპოზიციონერები  ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლებების დაცვისთვის  ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიით დააჯილდოვა. „მთელი მსოფლიო ხედავს, რაც ხდება თქვენს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ თქვენს გამბედაობას; ვხედავთ თქვენი ქალების გამბედაობას; ვხედავთ თქვენს ტანჯვასა და წარმოუდგენელ დარღვევებსა და ძალადობას. თქვენი მისწრაფება და დიდი სურვილი, იცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენთვის შთაგონების წყაროა“, – პრემიის გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ. ამ დროს კი ბელარუსის გენპროკურატურამ სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო – მათ ბრალად  არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა ედებათ.

ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ის ფაქტი, რომ 17 დეკემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტ  ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წევრების წინააღმდეგ სანქციების მესამე პაკეტი დაამტკიცა. ევროპის ქვეყნები და მათი ლიდერები მკაფიოდ აფიქსირებენ ნეგატიურ პოზიციას ბელარუსში მიმდინარე ძალადობრივი მოქმედებების მიმართ და მოქალაქეების დასახმარებლად საკმაოდ ქმედით ნაბიჯებსაც დგამენ, მათ შორის, ფინანსურსაც.

მართალია, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ძალადობა  საჯაროდ გააკრიტიკა, მაგრამ ეს კრიტიკა მხოლოდ სიტყვების დონეზე დარჩა.  კრემლს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ძალადობა შეეჩერებინა და პირიქითაც, მხოლოდ ხელს უწყობდა ლუკაშენკოს რეჟიმს, ახალისებდა მას.   უფრო მეტიც, კრემლი ლუკაშენკოს შეჰპირდა,  რომ  დასახმარებლად საკუთარ ჯარისკაცებს  გაუგზავნიდა, თუკი ეს პროტესტების ჩასახშობად დასჭირდებოდა. რამდენიმე დღის წინ კი ლუკაშენკომ რუსეთისა და ბელარუსის რეგიონული სამხედრო დაჯგუფების მოქმედების განახლებული პაკეტი დაამტკიცა.

ბელარუსის სიტუაციის კომენტირებისას ვლადიმერ პუტინი და მისი ხელისუფლება ხშირად აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ პატივს სცემენ ბელარუსის სუვერენიტეტს, ხალხის ნებას, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტურად საპირისპიროდ მოქმედებენ. რატომ არ აკეთებს არაფერს რუსეთი იმისთვის, რომ  მეგობარმა ლუკაშენკომ შეწყვიტოს ძალადობა მოქალაქეებზე? პასუხი მარტივია – თავად რუსეთის ხელისუფლებისთვის  აბსოლუტურად მისაღებია ასეთი დევნა, ძალადობა და დემოკრატიული პროტესტების სასტიკად ჩახშობა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კარგად გამოჩნდა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბელარუსს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება არ მისცეს. კრემლს სურს, ამ ქვეყანას მუდამ ჰქონდეს რუსეთის ვალი და მასზე იყოს დამოკიდებული. რამდენიმე დღის წინ რუსეთის მთავრობამ ბელარუსისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემის შეთანხმება დაამტკიცა. და რისთვის აძლევს რუსეთის ფედერაცია ამხელა დახმარებას ბელარუსს? ფაქტობრივად, „გაზპრომის“ დავალიანების დასაფარად, რომელიც რუსული კომპანიაა. არა და, ეს და სხვა მსგავსი ნაბიჯები, რაც კრემლზე ფინანსური დამოკიდებულების გაღრმავებას გულისხმობს, კიდევ უფრო დააშორებს ბელარუსს დემოკრატიული საწყისებისა და კეთილდღეობისგან. ყველამ იცის, რომ ვლადიმერ პუტინის სანუკვარი ოცნება პრეზიდენტობის ვადის გასვლამდე ბელარუსის შეერთება და იქ თავისი მმართველობის დამყარებაა.  პუტინს არ აინტერესებს ბელარუსების დამოუკიდებელი ნება, მათი სურვილი – იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში და არ დაემორჩილონ კრემლს. თუმცა, თუ ისტორიას მოვიშველიებთ, არც ყოფილა წარსულში ისეთი დრო, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას პატივისცემა გამოეჩინოს რომელიმე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის…

ამასობაში, მაშინ, როცა ბელარუსშიც მძვინვარებს პანდემია და კოვიდ-19-ის ინფექციას უამრავი ადამიანი შეეწირა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კოვიდკლინიკაში მოქალაქეებზე ზრუნვის საჩვენებელი ვიზიტი განახორციელა. მან მხოლოდ „წითელ ზონაში“ შესვლისა და რამდენიმეწუთიანი ყოფნის შემდეგ გაიგო, რომ საჭიროა ნიღბის გაკეთება. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა… თუმცა, ხელთათმანების გაკეთების აუცილებლობა მაინც არ დაიჯერა… მას ხომ გულწრფელად სჯერა, რომ რადგან ბაქტერიები არ ჩანს, ესე იგი, ისინი არც ჰაერში დაფრინავენ…

ნოდარ კობეშავიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები