ოთარ გრიგოლია: ვფიქრობ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა ორიენტირებული

,,თბილისის სოციალური ბიუჯეტი იზრდება და ამ მიმართულებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ვერ დავეთანხმები’’, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით იზრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უფასო სასადილოებში მომლოდინეთა რიგი განულდა.

,,ამასთანავე, საშეღავათო პაკეტი მომზადდა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რაც გამოიხატება დედაქალაქის ბიუჯეტში მოსაკრებლებისა და სხვა ტიპის გადასახადების შემცირებაში’’, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს 13 მილიონი ლარის მერიის პიარზე იხარჯება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამას გარდა, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისი 2021 წელს წიგნის დედაქალაქად ცხადდება, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა და მასზე 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

,,ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულების ხარჯია. რაც შეეხება სხვა ხარჯებს, რომელსაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, პიარისთვის გამოყოფილ თანხებად აღიქვავს, არის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ტელევიზიაში გაშვებული სხვადასხვა ინფორმაციის ხარჯი“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, დაბალანსდა გამგეობების ბიუჯეტიც და კონკრეტულ გამგეობებს სოციალური მიმართულებით თანხები გაეზარდათ.
,,ამდენად, ვფიქრობ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა ორიენტირებული’’, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები