“აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია ყველა იმ საკითხზე, რაზეც შეთანხმების რესურსი არსებობს”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება და მასთან დაახლოებული წრეები, კერძოდ,  ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარეკებების დაწყებას სავთაზობს. მათი აზრით, კონტაქტების არსებული ფორმატი არაა საკმარისი.  ისინი მზად არიან პირდაპირი დიალოგისთვისაც. რა რეაგირება უნდა ჰქონდეს სეპარატისტების ამ შემოთავაზებაზე საქართველოს? ამ საკითხზე „კვირა“   კავკასიის საკითხების   მკვლევარს, სანდრო სამადბეგიშვილს ესაუბრა.

-„გასაგებია, რომ ჩვენი ძირეული ინტერესებიდან უკან არ დავიხევთ. ცალსახააა, რომ ისინიც არ აპირებენ საკუთარი ინტერესებიდან უკან დახევას. მაგრამ ამ უკიდურესობებს შორის ყოველთვის არსებობს საკითხები, რომლებზეც კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია“, – აცხადებს შამბა. როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას  შამბამს ამ შემოთავაზებაზე?

 მარტში აფხაზეთში აირჩიეს „პრეზიდენტად“ ბჟანია,  რომელმაც თავიდანვე დაიწყო, ასე ვთქვათ, პოზიტიური  სიგნალების გამოშვება.  აცხადებდა, რომ საქართველოსთან წინაპირობების გარეშე სურდათ დიალოგის დაწყება.  ანუ სტატუსის განსაზღვრის გარეშე საუბარი ყველა იმ თემაზე,  რომელზეც, მათი აზრით, შეთანხმება შესაძლებელია.  ამასობაში, ყარაბაღში დასრულდა სომხურ – აზერბაიჯანული კონფლიქტი, რამაც ვფიქრობ, ჩვენც და აფხაზებს ბევრი საფიქრალი გაუჩინა.  ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში  პუტინი და ბჟანია ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ.  ეს საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის.  გაფორმდა შეთანხმება, რომელიც  ეხება რუსეთის ფედერაციასა და „აფხაზეთის რესპუბლიკას“ შორის  საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირებას.  გაწერილია მთელი პროგრამა,  როგორ მოხდეს აფხაზეთის ინტეგრაცია  რუსულ სივრცეში და  მეტიც, რუსეთ-ბელორუსის საერთო სახელმწიფოში.  დეტალურადაა გაწერილი კანონმდებლობის უნიფიკაციის თაობაზე, ასევე,  საუბარია აფხაზეთში რუსული ბიზნესისა და მოქალაქეების დაცვაზე.  საბაჟო საკითხები და ასე შემდეგ.  ეს ყველაფერი როცა ვნახეთ და მოვისმინეთ, გაჩნდა იმის განცდა, რომ  მანამდე რა დადებითი სიგნალების იყო გამოშვებული აფხაზეთიდან, კერძოდ, ბჟანიას მხრიდან, ამ ყველაფერმა  აქტუალობა დაკარგა და  აფხაზეთი კიდევ ერთხელ შეტრიალდა მკვეთრად რუსეთისკენ. თუმცა, უკვე დეკემბრის დასაწყისში, 4 დეკემბერი იყო, აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ვებგვერდზე დაიდო  აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია.  ეს კონცეფცია ნაწილებად არის დაყოფილი და  იქ საუბარია საქართველოსთან კოფლიქტის დარეგულირების თაობაზეც.   დოკუმენტი ძალიან ცალმხრივი და ორიენტირებულია   აფხაზურ აუდიტორიაზე. იქ არის საუბარი  ძალიან მკვეთრად აფხაზური  ინტერესების დაცვაზე და რომ არაფერს არ დათმობენ საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესში.  მაგრამ აღნიშნულია, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება  და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება უნდათ.  აი, ბოლო პუნქტში კი უწერიათ, რომ უნდა შეიქმნას  მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატი, სადაც განხილული იქნება  ორმხრივი ინტერესის ფარგლებში შემავალი საკითხები, რომელთათვისაც ჟენევის ფორმატი არის შეუფერებელი. ჩემი აზრით, ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რასაც  ბჟანია  „პრეზიდენტად“ არჩევამდე და არჩევისთანავე საუბრობდა.  ახლა რომ დავუბრუნდეთ შამბას ინტერვიუს, რომელიც 18 დეკემბერს გამოქვეყნდა.  ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარი განმარტებითი ბარათი იმ კონცეფციის, რომელიც ბჟანიამ გამოაქვეყნა.  აქაც დიალოგისა და ნდობის აღდგენის აუცილებლობაზეა საუბარი. აღიარებულია ის, რომ ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ დიალოგი შესაძლებელია. მე როგორც აღვიქვი, აქ არის საუბარი სავაჭრო,  სატრანსპორტო ურთიერთობბზე კონტრაბანდასთან ბრძოლაზე, ასევე, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებზე.  სხვათა შორის, ახსენებს კარასინი- აბაშიძის შეხვედრის ფორმატს და  მის ანალოგის მსგავს გვთავაზობს. ოღონდ, საქართელოს ხელისუფლებისა და აფახზური მხარის წარმომადგენლების მონაწილეობით.  როგორც გვახსოვს, ადრე ფუნქციონირებდა მსგავსი ფორმატი, რომელსაც ჭუბურხინჯის შეხვედრა ერქვა, სადაც იმ მომენტისათვის პრობლემური საკითხები განიხილებოდა.  ჩემი აზრით, რასაც ახლა გვთავაზობენ, დაახლოებით, მსგავს კომუნიკაციასა და თემებს გულისხმობს. ახლა რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას რაც შეეხება.   თითქმის ერთი წელია, რაც ბჟანიასა და სხვების   შემოთავაზება მოვისმინეთ, მაგრამ პასუხი  ჩვენი მხრიდან არ არის.

-საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაზე რას იტყვით. ახლახან პარლამენტში გამოსვლისაც მანაც შესთავაზა აფხაზურ მხარეს დიალოგის გააქტიურება.

ჩემი აზრით, ერთია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია და მეორეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების  დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ქალბატონი პრეზიდენტი ცდილობს, რომ რაღაც ინიციატივები გააჟღეროს, რაღაც საკითხების ინიციატორი გახდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს განცხადებები უბრალოდ  განცხადებადვე რჩება.  ეს ყველაფერი უფრო სურვილებისა და ინიციატივების კრებულს ჰგავს და არა  იმ გეგმასა და პროგრამას, თუ როგორ მოქმედებს  საქართველოს სახელმწიფო.  საქართელოს აქვს დეკლარილებული პოზიცია, რომელიც ჩემი აზრით უგულებელყოფს აფხაზების ფაქტორს.  ამბობს, რომ აფხაზეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, რაც სწორია და ამავდროულად ამბობს, რომ გვაქვს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი და  ვსაუბრობთ მხოლოდ ამ ფორმატში. თუმცა, ამის პარალელურად, რეალობა  თავის გამოწვევებს გვთავაზობს, რასაც პასუხები სჭირდება.

-თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი მიდგომა საკითხისადმი გადახედვას საჭიროებს?

არის რიგი საკითხები, სადაც სახელმწიფოს აქტიური და მკვეთრი პოზიცია უნდა ჰქონდეს და არ ვიყოთ ბჟანიას თუ შამბას  განცხადებებზე რეაგირების რეჟიმში. ჩვენი პოზიცია უნდა გვქონდეს და აფხაზეთიდან არ უნდა გვკარნახობდნენ  რაღაც თემას, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ ან არა.  ამავე დროს,  ჩვენ რეალური საკითხები გვაქვს იქ გადასაწყვეტი,  რომელიც საჭიროებს გარკვეულ მოქმედებებს. მაგალითად,   გალის მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია  როგორც ჰუმანტარული, ასევე, საგანმანათლებლო და ზოგადად უფლებრივი თვალსაზრისით.  მართალია, გვაქვს გარკვეული, მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამა. ვთავაზობთ რომ ქართული აიდი ბარათები  ისარგებლონ მოგზაურობისას, მაგრამ ეს არაა საკმარისი.  თუ ჩვენ გვაქვს კომბინირებული მიდგომა და ვამბობთ, რომ რაღაც ნაწილში  ვცდილობთ, აფხაზების მიმართ  შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ, რატომ არ შეიძლება, რომ  ვილაპარაკოთ არა მარტო ჯანდაცვის პროგრამაზე, არამედ  ძ საგანმანათლებლო პროგრამაზე,  გავუმარტივოთ აფხაზებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსცვლა ან  ავამოქმედოთ საერთო ეკონომიკური პროექტები?

-საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ საკითხების  წამოწევა ხომ არ გამოიწვევს ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკას. ამას ხომ არ ერიდება ხელისუფლება?

 მე ვფიქრობ, უნდა იყოს საკითხები, რაზეც  ყველა მეტნაკლებად შევჯერდებით.  ამგვარ საკითხებს არ უნდა წყვეტდეს ერთი ან რამდენიმე ადამიანი.   საჭიროა შიდა კონსულტაციები შეთანხმება  და ერთიანი სამოქმედო გეგმის დასახვა.  შევარდნაძიდან მოყოლებული ვისმენთ, აფხაზი დები და ძმები და ასე შემდეგ ამ დროს  ისე ვმოქმედებთ, თითქოს ისენი საერთოდ არ არსებობენ. ოპოზიცია, რომელიც ძირითადად წინა ხელისუფლებით არის წარმოდგენილი,  ისინიც ასე იქცეოდნენ და ამბობდნენ, იმავეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც.  ვამბობთ, რომ აფხაზები ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე უნდა ვიზრუნოთ. შესაბამისად, არის იმის რესურსი, რომ  შევთანხმდეთ და ჩამოვყალიბდეთ, რაზე შეიძლება, ვისაუბროთ რეალურად არსებულ ხალხთან.  ეს 100 -თუ 150 ათასი კაცი რეალურად არსებობს. მათ აქვთ გარკვეული ყოფითი დ სხვა   პრობლემები. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ ამ პრობლემების მოგვარებაში. რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობებით და რატომ უნდა დავკარგოთ კიდევ ერთი ან ორი ათეული წელი? სტატუსზე ამ სიტუაციაში ვერაფრით ვერ შევთანხმდებით. არ უნდა დავუშვათ, რომ გაუცხოება ჩვენ შორის ძალიან გაიზარდოს.

-როგორც ვიცით, აფხაზებს ძალიან უნდათ არსებული სატრანსპორტო ჩიხიდან თავის დაღწევა. ვგულისხმობ რკინიგზისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას. ამ საკითხზე მოლაპარაკება შესაძლებელია?

ყველაფერს აქვს თავისი ფასი. არ არის საუბარი იმაზე, რომ საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე დავთანხმდეთ ამ შეზღუდვების მოხსნას. მათ უნდათ ის, რაც უნდათ. ჩვენ რა გვინდა?

-ამ ყველაფრის ნაცვლად, ჩვენ დევნილების დაბრუნება რომ მოვთხოვოთ?

 ჩემი აზრით, ეს იქნება თანაზომადი და წონადი შეთავაზება. თუ ჩვენ შევხედავთ დღევანდელი აფხაზეთის ეთნიკურ შემადგენლობას, ვნახავთ, რომ თუ ეს შეთანხმება შედგა, ქართული მოსახლეობის წილი აფხაზეთში შესაძლოა, 40-50 პროცენტამდეც კი გაიზარდოს. ეს კი თავის მხრივ იძლევა შანს, რომ ისინი აფხაზეთში რეალური გადაწყვეტილების მიმღებები გახდნენ. თუ ისინი წამოვლენ, მაგალითად, ოჩამჩირის რაიონში დევნილების დაბრუნებაზე, ჩვენ  შეიძლება, დავთანხმდეთ დანარჩენი საქართველოს გავლით რკინიგზის აღდგენაზე.  მოკლედ, იქნებ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და გავცვალოთ ასეთი სიკეთე ერთმანეთში.  ფობიები, რომელიც გვაქვს, რომ  არ დაველაპარაკოთ, თორემ ეს ყველაფერი დათმობად იქნება  აღქმული, უნდა დავივიწყოთ. აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია ყველა იმ საკითხზე, რაზეც შეთანხმების რესურსი არსებობს.

-ღარაბაღში ომი დამთავრდა, აზერბაიჯანმა უკუპირებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილის დაბრუნება შეძლო, თუმცა, სომხეთი ღარაბაღის ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს.  მოკლედ, მშვიდობა ტერიტორიების რაღაც ნაწილის სანაცვლოდ. ჩვენც რომ შევთავაზოთ აფხაზებს რაღაც მსგავსი. მაგალითად , გუდაუთის და  ვთქვათ ახალი ათონის რაიონებში სრული დამოუკიდებლობა, დანარჩენი ტერიტორიები კი საქართველოს შემადგენლობაში, წამოვლენ აფხაზები ამაზე?

 ვფიქრობ,  სომხურ -აზერბაიჯანული კონფლიქტი და აფხაზეთის საკითხი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ სწორად მახსოვს, ადრე დიდი ხნის წინ  იყო საუბარი, რომ ბზითის აქეთ ტერიტორია საქართველოს დარჩენოდა, იქეთ – აფხაზებს. თუკი დავაკვირდებით  საქართველოს ტერიტორიის შემცირების დინამიკას, ვნახავთ, რომ ჩვენი ტერიტორიების თუნდაც მცირე ნაწილის დათმობა  შეუძლებელია და პირადა ჩემთვის მიუღებელი.  ჩემი აზრით, შეგვიძლია, შევთავაზოდ თავისუფლების ყველაზე მაღალი და ფართო სტატუსი, ოღონდ ერთიანი ან თუნდაც საერთო სახელმწიფოს საზღვრებში. რა თქმა უნდა, გასვლის უფლების გარეშე. ან კონფედერაცია.  იყო ასეთი იდეა 90 -იან  წლებში.  ჩემი აზრით, აქ უფროა კომპრომისის რესურსი, ვიდრე – ავიღოთ და ტერიტორია  უხეშად გავყოთ. ამაზე არც აფხაზები დაგვთანხმდებიან. მათთვის ვფიქრობ, მიუღებელი იქნება, სოხუმი საქართველოს შემადგენლობაში იყოს და თვითონ იყვნენ გაგრასა და გუდაუთაში. ეს მიუღებელი იქნება ჩვენთვისაც. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ, რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი, გარდა  ჯარისა, საგარეო და ფულად საკრედიტო პოლიტიკისა, ჰყავდეთ თავისი პოლიცია ადგილობრივი თვითმართველობა, სასამართლოც კი, ოღონდ ცენტრალურ  კანონმდებლობასთან მაქსიმალურად ადაპტირებული.  ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს იმ 69 ათას 700 კვადრატულ კილომეტრზე, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ რუკაზე და აღვიქვამთ, როგორც ერთიან ქვეყანას.

-თქვენი აზრით, დაახლოებით, რა ვადა და დრო დაგვრჩა იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები დაახლოვდეს და ორივე მხარისათვის მეტნაკლებ შეთანხმებამდე მივიდეთ?

 ვფიქრობ, მომენტი, როცა მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება, არ დადგება.  მგონია, რომ უახლოესი 10-15 წელი შეიძლება, იყოს მოსალაპარაკებლად საუკეთესო დრო.  სამ მიზეზს დავასახელებ. პირველი ის არის, რომ  ომის ცხელი ფაზიდან 30 წელი გავიდა და ემოციები  გარკვეულწილად ჩამცხრალია.  შესაბამისად, უფრო მეტი რაციონალური ელემენტი გაჩნდა. მეორე –  ხალხი  რომელიც ერთმანეთს იცნობდა და მეგობრობდა, ჯერ კიდევ ცოცხალია და მესამე – 30 წლის გადასახედიდან ამ ხალხმა დაინახა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა მათთვის არის შეუძლებელი. ვფიქრობ, აცნობიერებენ, რომ მათ მოუწევთ  იყვნენ ან რუსეთის ან საქართველოს ნაწილი ამ თუ იმ ფორმით.  ფაქტია, რომ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, სუვერენიტეტის ძალიან მცირე ნაწილს ატარებს და არაფრით არ აღემატება რუსეთის რომელიმე  ფედერაციულ სუბიექტს.

-ქართულ აფხაზურ ურთიერთობებში სად არის რუსეთის ადგილი. შეეგუება რუსეთი ჩვენ დაახლოებს, რა შეიძლება, შევთავაზოთ მას, რომ  მინიმუმ ხელი არ შეგვიშალოს. იქნებ, სამხედრო ბაზის დატოვება ვთქვათ გუდაუთაში?

 ცალსახაა, რომ რუსეთი არის დესტრუქციული და შემაფერხებელი ფაქტორი. მათ აუცილებლად ექნებათ წითელი ხაზი, რომლის იქეთ გადასვლასა და დაახლოების საშუალებას არ მოგვცემენ.  ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი მივიღოთ არსებული მოცემულობა და არ ვიმოქმედოთ. ჩვე ვნახავთ ვიგრძნობთ იმას, თუ სად არის ჭერი, როცა ამ ჭერს თავს ავარტყავთ.  აშკარაა, რომ რუსეთს ამ მომენტში  საქართველოსთან მიმართებით უფრო სხა ინტერესები აქვს. არ მგონია, მათთვის საინტერესო იყოს, თუ აფხაზეთში კონსტრუქციულობს სანაცვლოდ  გუდაუთის ბაზის შენარჩუნებას შევთავაზებთ.  თუმცა, ადრე თუ გვიან  თუ რაღაც ფორმატზე ჩამოვყალიბდებით და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება,  რუსეთი აუცილებლად მოინდომებს აფხაზეთში სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას. საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ რაღაც მომენტში ამას შეიძლება, დავთანხმდეთ კიდეც. საქართველომ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ  ათეულ წელზე მეტი იარსება იმ პირობებში, როცა რუსეთის სამხედრო ბაზა იდგა ახალქალაქში. ეს რეალობა მოგვიანებით ნელ-ნელა შეიცვალა. ამიტომ, შესაფასებელია დადებითი და უარყოფითი მხარეები. არ უნდა ვიყოთ ძალიან რადიკალურები, რომ თუ აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა, იქ არანაირი რუსი. ეს არ არის ძალიან სასურველი სცენარი, მაგრამ რაღაც მომენტში რეალობიდან უნდა ამოვიდეთ. თუ ამ პაკეტში იქნება რაღაც საკითხები, რაც ჩვენ არ მოგვწონს და, ბუნებრივია, იქნება ასეთი საკიხები.  თუ ეს ყველაფერი რაღაცა ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი არ იქნება,  სავარაუდოდ, დათმობაზე უნდა წავიდეთ. ოღონდ არ ვსაუბრობ საგარეო პოლიტიკის ვექტორის შეცვლაზე. ფაქტია, რომ ამ წუთში გვაქვს ნული კონტროლი, რუსეთის სრული მმართველობა აფხაზეთში და სამხედრო კონტინგენტი.   ასეთ ვითარებაში ვსაუბრობთ, უნდა დარჩეს თუ არა ერთი ბაზა. ალბათ, უნდა დარჩეს და თუ ეს იქნება კონფლიქტის მოგვარების გასაღები. შემდეგ მოგვიწევს, ვიფიქროთ ისეთი მოცემულობის შექმნაზე, როდესაც ეს ბაზა გავა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები