ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტი იწყება დადგენილი საზღვრიდან, დაუდგენელი საზღვარი ყოველთვის შეიძლება, იყოს რაღაც გაუგებრობის წყარო
“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტი იწყება დადგენილი საზღვრიდან, დაუდგენელი საზღვარი ყოველთვის შეიძლება, იყოს რაღაც გაუგებრობის წყარო”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრობისა და მთავრობის კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ერთი ქვეყნის საზღვარი არის შეთანხმების საკითხი და ამაზე ორი მხარე უნდა შეთანხმდეს.
დეპუტატმა დასვა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად პრიორიტეტულია პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და მთავრობისთვის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი და რამდენად რეალისტურად ესახებათ მათ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის ვადაში მოხერხდეს როგორც სომხეთთან, ასევე, აზერბაიჯანთან საზღვრების შეთანხმება.
დეპუტატის მეორე კითხვა შეეხებოდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.
„მე თქვენ არ გთხოვთ ჩამოთვლას იმ სახელმწიფოებისა, რომლებიდანაც შეიძლება, ამის რისკი მომდინარეობდეს, მაგრამ თუკი არის ამის რისკი საერთოდ, როგორ მუშაობთ თქვენ ამ რისკების აღმოსაფხვრელად იქედან გამომდინარე, რომ, ძირითადად, ასეთ სარისკო ზონაში მყოფი ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მაინცდამაინც ახლო ურთიერთობა არ გვაქვს და არც საელჩოები გვაქვს იქ გახსნილი. რამდენად არის ამის რისკები და რა კეთდება ამის აღმსაფხვრელად?”
ასევე, ნიკოლოზ სამხარაძემ აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით დასვა კითხვა.
„აქ, ჩემს მარცხნივ ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას. მე წავეშველები, სანამ ისინი არ არიან დარბაზში და დაგისვამთ ამ კითხვას, აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით – რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავის თავი?”, – განაცხადა სამხარაძემ.