მამაკაცი, რომელმაც სამტრედიაში მეუღლეს ყელი გამოჭრა, დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული მ.მ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები