დავით სერგეენკო: კელი დეგნანის მიერ ცალსახად გამოითქვა მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ
პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ცალსახად გამოითქვა მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ.
სერგეენკოს თქმით, მოქმედი ელჩი ყოველთვის ახმოვანებს იმ სახელმწიფოს პოზიციას, რომელსაც ის წარმოადგენს.
„მოქმედი ელჩი ყოველთვის ახმოვანებს იმ სახელმწიფოს პოზიციას, რომელსაც ის წარმოადგენს. დიპლომატიური ენა ყოველთვის რბილია ხოლმე და ნაკლებად მოიცავს პირდაპირ, ცალსახა მითითებებს. გუშინდელ განცხადებაში ძალიან ცალსახად იყო გამოთქმული მოწოდება ოპოზიციისადმი, რომ მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა. უმეტესი მათგანი დეკლარირებს დასავლური, მათ შორის, ამერიკული ღირებულებების ერთგულებას, ძალიან რთულია და ორმაგი სტანდარტის განცდა გიჩნდება, რომ, ერთი მხრივ, დეკლარირებ, რომ ეს ღირებულებები კარგია, მეორე მხრივ, იმ ქვეყნის წარმომადგენლის, იმ ქვეყნის ხმას არ ითვალისწინებ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება.