თეა ახვლედიანი:  ოკუპირებული რეგიონებიდან რეგულარულად მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გადმოყვანა და მკურნალობა

ოკუპირებული რეგიონებიდან რეგულარულად მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გადმოყვანა და მკურნალობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ახვლედიანმა იმ მექანიზმის შესახებ ისაუბრა, როგორ ხდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან კოვიდინფიცირებული პირების გადმოყვანა და მკურნალობა.

„პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან, არა ერთხელ იქნა გაცხადებული ჩვენი მთავრობის მიერ, რომ მოსახლეობა საოკუპაციო ხაზს მიღმა არ დარჩებოდა პირისპირ ამ გამოწვევასთან და ამ განცხადების შემდეგ გადადგმული იქნა მყისიერი ნაბიჯები. კერძოდ, აფხაზურ და ოსურ ენებზე დაუყოვნებლივ მომზადდა და გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლები. საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით აფხაზეთის რეგიონს ეწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია, ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასების და რეკომენდაციის შემუშავებისთვის; ადგილობრივი ექიმებისთვის დღემდე რეგულარულად მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი რჩევების მიცემა ქართველის სპეციალისტების მიერ. აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდება სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და რა თქმა უნდა მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გადმოყვანა და მკურნალობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამასთან, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადამიანებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ობოლი ბავშვებისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენ ვახორციელებთ სოციალური დახმარების პროექტებს და რა თქმა უნდა როგორც კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ამ დახმარებების გახორციელების კუთხით ჩვენ განვაგრძობთ აუცილებლად ძალისხმევას.

აქვე მინდა გამოვთქვა უკიდურესად დიდი წუხილი, ცხინვალის რეგიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან ის სრულ იზოლაციაში რჩება და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გამოხატული დახმარების მზაობა არის კვლავ და კვლავ უარყოფილი დაოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს არის ძალიან სავალალო და აქვე მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან ამ გადაწყვეტილებების უკან, რომ ჰუმანიტარული მიზნით მისცენ იქ მყოფ მოქალაქეებს სხვადასხვა საჭიროებაზე თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა.

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენ მიღებული გვყავს 250-მდე კოვიდპაციენტი მკურნალობის მიზნით; ასევე გვყავდა დაახლოებით 2500-მდე ადამიანი კოვიდსასტუმროებში, თვითიზოლაციასა თუ კარანტინში. ასევე როგორც თქვენთვის ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, სახელმწიფო უფასო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ემსახურება, რამაც განაპირობა ნამდვილად ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. აღნიშნული პროგრამით მხოლოდ წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისარგებლა დაახლოებით 900-მა ადამიანმა.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღებას. ამ პროცესს კოორდინირებულად მართავს რა თქმა უნდა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. ოკუპირებული ტერიტორიიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს: მკურნალობის მსურველ პირებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ადგილზე მოქმედი სამედიცინო სფეროს თუ საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დახმარებით, შეუძლიათ მიმართონ როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზებს, ასევე ჩვენ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ამ მიზნით ასევე გამოიყენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. პაციენტის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის დადგენისთანავე, ხდება რეაგირება რა თქმა უნდა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი კონტროლირებად ტერიტორიაზე მიღება. ხოლო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ევაკუაციას და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებსა და საკარანტინე ზონებში განთავსებას ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები