“შეხვედრით აღტაცებული ვარ” – ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის აღდგენის ვადები დაასახელა
“სოხუმის აეროპორტის ჩაშვებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსული RT-თვის მიცემულ ინტერვიუში.
“სოხუმის აეროპორტის აღდგენისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემაა. ძალიან თბილი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში. ასე ვთქვათ, ძალიან აღტაცებული ვარ შეხვედრის შედეგის გამო”, – თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში ჩაშვება “იკაო”-ს ნებართვის გარეშე შეუძლებელია, სოხუმში საკითხს აქტიურად ბოლო ორი წელია, განიხილავენ, განსაკუთრებით თემა “ბევრად ფასეული” ე.წ.წინასაარჩევნო დროს ხდება.
2019 წელს მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ.საარჩევნო პერიოდში აეროპორტს ერთობლივი ბაზირების სტატუსი მიანიჭა, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია როგორც სამოქალაქო, ისე – სამხედრო მიზნით მისი გამოყენება.
2020 წლის 28 ოქტომბერს ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა, რომ “სოხუმის აეროპორტის გახსნა აუცილებელია, თუმცა, ამის გაკეთება ძალიან რთულია”.
“ბევრჯერ მოგვისმენია სხვადასხვა ინფორმაცია, რომ, აი, სულ მალე გაიხსნება აეროპორტი. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ასოციაცია ჩიკაგოში იმყოფება. მათთან ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტი საქართველოზეა აღრიცხული. უახლოეს პერსპექტივაში ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, წინსვლას არ ველოდებით”, – განმარტა ე.წ. მინსტრმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ამჟამინდელ ვითარებაში აეროპორტის მუშაობისთვის აუცილებელია ავიაკომპანიის მუშაობაც.
“საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ავიაკომპანია უნდა იყოს დაფიქსირებული ან რუსეთში ან აფხაზეთში და ფრენები მხოლოდ რუსეთსა და აფხაზეთში განახორციელოს. რენტაბელურია თუ არა ასეთი პროექტი, თვითონ განსაჯეთ. ჩრდილოეთ კვიპროსის გზით შეგვიძლია, ვიაროთ, როდესაც იქედან ფრენები მხოლოდ თურქეთის მიმართულებით ხორციელდება და შემდეგ – დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ ეს პოლიტიკური გზაა. აფხაზეთში მომუშავე ავიაკომპანიები არა მხოლოდ იქნებიან დაშვებული საერთაშორისო რეისებისთვის, არამედ სარემონტო სამუშაოებს ვერ განახორციელებენ. თვითმფრინავს დააპატიმრებენ, რადგან, მათი აზრით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფრინავს”, – განაცხადა ხიშბამ.