თბილისში, 21:00 საათის შემდეგ საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებები გადაადგილების შეზღუდვის დროსაც არ გამოირთვება. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების მოთხოვნების გათვალისწინებით, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება.

ზოგადად, რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რა თქმა უნდა, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, შეშინებულები და დათრგუნულები? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთის სოლიდარობა, რა თქმა უნდა, დაასუსტებს ამ უხილავ მტერს.

ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს. მას შემდეგ, რაც გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების საათებში გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად ღამის საათებში მაინც დაგვეტოვებინა საახალწლო განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს მაშინ, როდესაც საკომენდანტო საათი იწყება?

დღესაც მერიაში თანამშრომლებს გვქონდა მსჯელობა, როგორ მოვიქცეთ. ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში არიან. ეს არიან ჩვენი ექიმები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ეს არიან ჩვენი პოლიციელები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ასევე ჟურნალისტები და თბილსერვისის თანამშრომლები, ჩვენი მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი სამუშაოების გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან ჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული, გამხიარულებული და ულამაზესი თბილისი – თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს.

შესაბამისად, ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული და შესაბამისად, დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლეს სურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები