ვახტანგ გომელაური: პანდემიის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, რეკომენდაციების დაცვით უხდებოდათ
“პანდემიის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდათ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღემდე მომსახურების სააგენტომ ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს გაუწია მომსახურება.
“დაწესებული რეგულაციების დაცვით მუშაობს დაცვის პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, რომელშიც მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ დაცვის პოლიციის ყველა მომსახურება, ერთიან სივრცეში. მომსახურების სააგენტომ დაიწყო დამატებით ახალი ტიპის ცნობების გაცემა (მაგალითად, „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“). წელსვე ამოქმედდა იარაღის რეგისტრაციის დისტანციური მომსახურება. მზადების პროცესშია ინოვაციური სერვისი, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია/გადაფორმებას. ასევე, სააგენტო მოქალაქეებს შესთავაზებს სანომრე ნიშნების შეცვლის გამარტივებულ, დისტანციურ საკურიერო სერვისს. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი კოვიდრეგულაციების დაცვით 2020 წელს 400 000 – ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა”, – განმარტა გომელაურმა.