მამუკა მდინარაძე: ჩვენ და ცესკო-ს არჩევნების გაყალბებას გვაბრალებდნენ და ბოლოს გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგები აღმოჩნდა
“ჩვენ, ცესკო-სა და ქართულ სახელმწიფოს არჩევნების გაყალბებას გვაბრალებდნენ და ბოლოს აღმოჩნდა პარალელური დათვლის შედეგები გაყალბებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უნრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი რევოლუციურ სცენარზე წინასაარჩევნო პერიოდშიც საუბრობდა.
,,ჩვენ, ცესკო-სა და ქართულ სახელმწიფოს არჩევნების გაყალბებას გვაბრალებდნენ და ბოლოს აღმოჩნდა პარალელური დათვლის შედეგები გაყალბებული. კონკრეტულმა პირებმა არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების” იმიჯის დაზიანება გადაწყვიტეს, არამედ – ქართული სახელმწიფოს დაზიანება. წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი მოხდა. მგონი, ვერ აღვიქვამთ კარგად, რა მოხდა. ეს მათთვის რევოლუციური სცენარის ნაწილი რომ ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ, რადგან ზიანდება სახელმწიფო და „სამართლიანი არჩევნები”. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ ორგანიზაციის იმიჯი არ შეილახოს, მისი დროებით დაზიანებული რეპუტაცია ერთად უნდა აღვადგინოთ და უზრუნველყოფილი იყოს იმ პირების გამომჟღავნება, ვინც დუმდა და შემდეგ „შეცდომა“ აღიარეს, ხოლო ახლა 8%-იან თემაზე დუმან, რადგან წარმოუდგენელია მსგავსი იყოს. გამორიცხულია, ვერაფერს იტყვიან, თუ ახალი არ გამოიგონეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.