ნათია თურნავა: სასტუმროების წარმომადგენლებს მივმართავ, დაიცვან დადგენილება, რომლის თანახმადაც მაყურებლის დასწრებით კულტურული ღონისძიებები იკრძალება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დადებითი ტენდენციები შეინიშნება, ახალი წელი მოკრძალებულად, შეზღუდვების დარღვევის გარეშე უნდა აღინიშნოს.

თურნავა სასტუმროების წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მკაცრად მოუწევთ დაიცვან დადგენილება, რომლის თანახმადაც მაყურებლის დასწრებით კულტურული ღონისძიებები იკრძალება.

„მოდის ახალი წელი და, ბუნებრივია, ტურისტული ინდუსტრია, იქ სადაც შეზღუდვები მასზე არ გავრცელდა, ემზადება ამისთვის, მაგრამ ყველას შევახსენებ, განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება ეს, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ეს არის იზოლაციის და კარანტინის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მაისის 322-ე დადგენილება, რომლის თანახმადაც იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით, აქედან გამომდინარე, ყველა სასტუმროს, ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს, შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა არის დაწესებული და მისი დაცვა მკაცრად მოგვიწევს. რა თქმა უნდა, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ეს ახალი წელი არის განსხვავებული, ეს ახალი წელი შედგება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყოველდღიური სიკვდილიანობა, ჯერჯერობით, საკმაოდ მაღალი გვაქვს. მართალია, მოკრძალებული დადებითი ტენდენციები გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვის ღონისძიებების კვალობაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ ზომიერ ოპტიმისტურ ნიშნებს, ახალი წელი ვიზეიმოთ სახლში, მოკრძალებულად და ნუ დავარღვევთ დაწესებულ შეზღუდვებს. ეს გაფრთხილება წერილობითაც დაეგზავნა ყველა სასტუმროს და ყველას მოვუწოდებთ, ყურადღებით მოეკიდოს ამ საკითხს“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები