გია ვოლსკი: რის საფუძველზე უნდა მიიღოს სახელმწიფომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება? – ასე უნდა სააკაშვილს და ამიტომ?
“რის საფუძველზე უნდა მიიღოს სახელმწიფომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება? – ასე უნდა სააკაშვილს და ამიტომ?”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ მოლაპარაკებებისა და ოპოზიციის მოთხოვნების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მთავარი თემა, რაც ჩვენს ოპონენტებს უდევთ მაგიდაზე, არის ის, რომ ყოველგვარი წინადადებების გარეშე განვიხილოთ ხელახალი არჩევნების ჩატარება. ის პოზიცია, რასაც ჩვენი ოპონენტებისგან ვისმენთ, არის იგნორირება იმ საკითხებისა, რასაც ქართული ოცნება აყენებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო თემებს, რომელსაც ვთავაზობთ განსახილველად.
მე არ მგონია, რომ უნდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, ვინაიდან არსებობს დაპირისპირებული მოსაზრებები და ამ დაპირისპირებული პოზიციების დაახლოების მექანიზმია, მოლაპარაკების არსიც ეგ არის, რომ ოპონენტებმა გაითვალისწინონ საზოგადოების დამოკიდებულება, რეალური სიტუაცია, პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულება, სულ მცირე, წარმოადგინონ პოზიცია, თუ რატომ ამბობენ უარს გადათვლაზე ან ვიდეოთვალის გახსნაზე, რატომ აკეთებენ საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების დასკვნების იგნორირებას, საერთოდ, რისკენ მიისწრაფვიან, რა უნდა ქნას სახელმწიფომ, რის საფუძველზე უნდა მიიღოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება? ასე უნდა სააკაშვილს და ამიტომ?”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.