საბჭოთა კავშირის ატომური საიდუმლო – რა ბედი ეწია „გომელ-30-ს“

სადღაც, ბელარუსის სამხრეთში, პოლესიეს ტყეში რუკაზე არის მონიშნული პატარა წერტილი, რომელსაც დღეს ძალიან ლამაზი სახელი – ზარეჩიე ჰქვია. ეს პატარა ქალაქია, რომელშიც მხოლოდ ერთი ქუჩაა. ქალაქს ჩრდილოეთიდან დიდი შემოღობილი ტერიტორია ესაზღვრება, რომელიც სულ სიმწვანეშია ჩაფლული. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება აგროქალაქად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ სილამაზის მიღმა იმალება ოდესღაც საშინელი ობიექტი სახელად „გომელ-30“.

ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილებში: ბელარუსში, ლიეტუვასა და უკრაინაში, ბირთვული შეიარაღება იყო განლაგებული. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ, პირველ რიგში, ბირთვული იარაღი უფრო ახლოს ყოფილიყო პოტენციურ მტერთან. ასეთად კი საბჭოთა კავშირის მიღმა არსებული მთელი განვითარებული მსოფლიო ითვლებოდა. მეორეც, ბირთვული ომის შემთხვევაში, აფეთქებები ზუსტად ამ საბჭოთა რესპუბლიკებში უნდა მომხდარიყო – რაც შეიძლება შორს მოსკოვის მეტროპოლიიდან.

ბირთვული იარაღის უზრუნველსაყოფად მოეწყო რამდენიმე სპეციალური კომპლექსი, სადაც იარაღი იკრიბებოდა ე.წ. ვარშავის შეთანხმების ქვეყნებიდან. სპეცკომპლექსებში ბირთვულ დანადგარებს შლიდნენ და მთელ ელექტრობას ამოწმებდნენ, რის შემდეგაც მათ საცავში და სამორიგეო საგუშაგოებზე აგზავნიდნენ.

ერთ-ერთ ასეთი კომპლექსს წარმოადგენდა „გომელ-30“. ეს საიდუმლო ობიექტი იყო. მას გარს ერტყა რამდენიმე ფენა მავთულხლართი, ასევე პერიმეტრზე განთავსებული იყო ტყვიამფრქვევები. ამ კომპლექსის სამხედრო პირებს კავშირგაბმულობის დანაყოფების სამხედრო ფორმა ეცვათ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ტყის სიახლოვეს მოსვლაც კი ეკრძალებოდათ.

„გომელ-30-ის“, ისევე როგორც ცივი ომისდროინდელ სხვა საიდუმლო ობიექტების შესახებ, ახლა ნაკლებად არის ცნობილი. აღნიშნული ობიექტი და მთელი დოკუმენტაცია ბელარუსის საზღვრებს ჯერ კიდევ 90-იან წლებში გასცდა. დაზუსტებით არის ცნობილი, რომ „გომელ -30“ მიეკუთვნება ე.წ. ბირთვული იარაღის შემნახველ ცენტრალურ ბაზებს.

„გომელ-30-ის“ მთელი ტერიტორია ორ ნაწილად იყოფა – საცხოვრებელ კომპლექსად, რომელსაც ახლა ზარეჩიე ჰქვია და ე.წ. ტექნიკურ ფართად, სადაც ბირთვული იარაღის მომსახურების ბუნკერები იყო განლაგებული.

ტექნიკური ფართი წარმოადგენს 2,5х2,5-კილომეტრიან, ტყით დაფარულ ფართობს, რომლის ტერიტორიაზე 6 იდენტური ბუნკერია განლაგებული, ერთმანეთისგან 800 მეტრის დაშორებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები