საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ახალი წარმატებული პროექტი განახორციელა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას კიდევ მეტად შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტუ-ის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრმა ვანო უდესიანმა, პროფესორ მაია კუხალეიშვილის ხელმძღვანელობით, კარტოფილის 500 ერთეული სინჯარის გაკაჟებული მცენარე მიიღო. ეს არის კარტოფილის საადრეო ჯიშის – „სანტეს“ სუპერელიტური თესლი. მცენარე სოფელ ახალშენში, ღია გრუნტშია გადატანილია. ბიოტექნოლოგიის ცენტრის In vitro ჯგუფი კარტოფილის ელიტური თესლის და კაკლის სუფთა სარგავი მასალის მისაღებად იყენებს უვირუსო მცენარის მიღების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ, აპიკალური მერისტემის მეთოდს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკოლექციო სინჯარის მცენარეების გადათესვა- რეპროდუქცია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ხორციელდება სამუშაოები, რაც გულისხმობს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ელიტური სათესლე და სარგავი მასალის მიღება-გავრცელება, კარტოფილის და კაკლის in vitro სინჯარის მცენარეების კოლექციის განახლება-რეპროდუქცია, საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია და კულტივირება და მდგრადი გამოყენება, ბიოპრეპარატების გამოცდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მიკრობული დაავადებების შემცირების თვალსაზრისით, ყურძნისა და ხეხილოვანი კულტურების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება-დანერგვა. ჯანმრთელი თესლი პროდუქტის ხარისხის და მოცულობის გარანტიაა. ქვეყანაში აქტუალურია ხარისხიანი ელიტური სათესლე მასალის მიწოდება ფერმერებისათვის, რადგან დღეისათვის არ არსებობს თესლის და სარგავი მასალის მწარმოებელი კომპანიები, საქართველოს ბაზარზე ევროპიდან შემოდის ძვირადღირებული, სერტიფიცირებული კომერციული თესლი, რომელზეც ფერმერების უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლისა და სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიაში პრინციპული ცვლილებების შეტანა, რაც ბიოტექნოლოგიის მეთოდების განვითარებაში გამოიხატება. ეს საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის სარგავი მასალა, რომელიც უზრუნველოფს მაღალ მოსავალს“, – აცხადებს პროფესორი თამარ კაჭარავა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრში ტარდება კვლევები ხილისა და სასუფრე ყურძნის შენახვის ახალი ტექნოლოგიის შესამუშავებლად. მიმდინარეობს ახალი კომბინირებული პრეპარატის მიღება-გამოცდა ხილის და სასუფრე ყურძნის ჯიშების შენახვისუნარიანობაზე. შენახვისუნარიანობაზე აგროკლიმატური პირობების გავლენის შესწავლის მიზნით, სასუფრე ჯიში „იტალია“ აღებულია საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურიდან და მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურადან.

„საქართველოს მდიდარი და უნიკალური ფიტოგენოფონდი ბუნებრივი, ისტორიული და სტრატეგიული სიმდიდრეა, რაც მუდმივ კონსერვაცია-აღდგენას საჭიროებს. პრობლემა აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც კულტურული მცენარეებისა და მათი ველური წინაპრების წარმოშობის კერაა. ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიისცენტრი და აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მეცნიერები და სტუდენტები ერთობლივად ეწევიან. უნივერსიტეტი საჭიროდ მიიჩნევს გაგრძელდეს მსგავსი სამეცნიერო კვლევები, რაც, ვფიქრობთ, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისთვის“, – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, საქართველოში გავრცელებულია სამკურნალო, არომატული, თაფლოვანი, საღებარი, სანელებელი და შხამიან მცენარეთა ის უნიკალური სახეობები, რომელიც სხვაგან არ გვხვდება. ბევრი მათგანი დღეს გადაშენების პირასაა მისული. მიმდინარეობს გენეტიკური რესურსის ეროზიული პროცესები და უკონტროლო ექსპორტი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ex-situ და in-situ/on farm უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები