ლევან დავითაშვილი: ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება.
მინისტრის თქმითვე, მას ათწლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს, პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო.
“დღეისთვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები.
2020 წელს ტყის ინვენტარიზაცია და 10 წლიანი მართვის გეგმების მომზადება განხორციელდა 150 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რაც წინა წლების წლიურ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ახმეტისა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტების მიერ განხორციელდა, რომლებიც 2019-2020 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, დასაქმდნენ საველე სამუშაოებზე. სააგენტოს მიერ 2019 წელს ინიცირებულმა ამ პროცესმა ახალგაზრდებში მეტყევის პროფესიისადმი ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი და სასწავლო პროგრამის ფარგლებში 2020 წელს 21 ახალი მეტყევე-ტაქსატორი გადამზადდა, რაც წინა წლის მსურველთა რაოდენობას აღემატება”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, 2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად, 122 374 ჰა-ით გაიზარდა.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად განვითარებაა.
2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. 2020 წელს შეიქმნა 3 ახალი დაცული ტერიტორია და გაფართოვდა ერთი.
2020 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კონსერვაციული და რეინტროდუქციის პროექტების მიმართულებით. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე – მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და ამ ეტაპზე 150 ინდივიდს შეადგენს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით დაინერგა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტელემეტრიული მონიტორინგი, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის მიერ ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აჯამეთის აღკვეთილში, 2016 წლიდან დღემდე, მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, იმერული მუხის აღდგენის პროექტი, დაახლოებით, 56 ჰა ფართობზე.
2020 წელს გრძელდება მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და არსებულის განახლება, მათ შორის, შემუშავდა 1 ახალი მენეჯმენტის – ალგეთის ეროვნული პარკის და განახლდა 7 დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა. არსებული მდგომარეობით, 20 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან დაცული ტერიტორიების მართვას დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმით ახორციელებს 13.
დაცულ ტერიტორიებზე, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პატრულირებისა და ბიომონიტორინგის თანამედროვე SMART ტექნოლოგიების დანერგვა, დაცვა-მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით.
აღსანიშნავია, ასევე, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებიც, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ბზის ალურას წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატების შესხურება ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ბორჯომ-ხარაგაულის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის წიწვოვან ტყეებში გამოყენებულ იქნა ფერომონიანი საჭერები. მაჭახელას ეროვნულ პარკში კი დაწყებულია წაბლის კიბოს კვლევა GEF/UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით”, – განაცხადა მინისტრმა.