კახა კალაძე: საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება – მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ტელეეთერიდან ადევნოს თვალი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე საახალწლო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება.

,,17 დეკემბერს აინთება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. ვიცი, რომ ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს. მინდა, მივმართო მათ, მათ მშობლებს, რომ მოემზადონ და ტელეეკრანებიდან ექნებათ საშუალება, იხილონ ნაძვის ხის ანთება და, რა თქმა უნდა, უნდა ჩაიფიქრონ სურვილები და ეს სურვილები აუცილებლად აგიხდებათ.

რაც შეეხება შემდეგ ღონისძიებებს, ჩვენ გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ კონცერტის ნახვის. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლოშემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები და მსახიობები, სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან. ჩართვებში ასევე გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები. ასევე, კონცერტები გაიმართება 6 და 14 იანვარს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კულტურის სამინისტროს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ საახალწლო დღეებში.

რა თქმა უნდა, ამ რთულ ვითარებაში გაუჭირდათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც და ზიანი მიადგათ. ჩვენ ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით მათ დასახმარებლად, თუმცა, ახლა სჭირდებათ თანადგომა და ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას მივცემთ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები