საუბნო შემაჯამებელი ოქმების ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს – გამოეხმაუროს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. დისბალანსებთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ როგორც 1-ელ ნოემბერს, ისე 11 დეკემბერს პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებთან ერთად გამოაქვეყნა.
ცესკო-ს ცნობით, მათ მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ე.წ. დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებით, საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0,52%-ში ფიქსირდება.
“შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 3 657 ძირითადი საარჩევნო უბანი (ამ უბნებში არ შედის სპეციალური და საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნები). შესაბამისად, ორგანიზაციის მხრიდან ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება, რაც, მათი განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 4 ნოემბერს დეტალურად დაამუშავა მონაცემები და მოამზადა სტატისტიკური ინფორმაცია საუბნო შემაჯამებელი ოქმებისა და შესაბამისი შესწორების ოქმების საფუძველზე. სწორედ ამ ეტაპზე დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ის დისბალანსი, რომელიც იწვევდა კითხვებს და უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან (მონაწილეთა ხელმოწერები) მიმართებაში, ფიქსირდებოდა 60 საარჩევნო უბანზე, რაც წარმოადგენს საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 1.64%-ს.
შემდგომში, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შესწავლისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და გადათვლების საფუძველზე გარკვეულ შემთხვევებში დაზუსტდა ე.წ. დისბალანსები. შესაბამისად, საბოლოო მონაცემებით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების ნაწილში, ბიულეტენების მეტობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების 19 ოქმში ფიქსირდება. აღნიშნული ინფორმაცია დამუშავებულია 14 ნოემბრის მდგომარეობით და დეტალური ცხრილი განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე. ასევე, ცესკომ გამოაქვეყნა ბიულეტენების ნაკლებობის შემთხვევებზე სტატისტიკური ინფორმაცია სხვადასხვა წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით (გამოქვეყნდა 15 ნოემბერს)
ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაურკვეველი რჩება ზუსტად რას გულისხმობს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დასახელებული ბიულეტენების მეტობის ე.წ. დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ზე. ეს მონაცემი რადიკალურად განსხვავებულია და არსებითად აცდენილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების დამუშავებულ ცესკოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს როგორც 4 ნოემბრის მდგომარეობით, ისე საბოლოო მონაცემების მიხედვით. შესაძლოა დავუშვათ ვარაუდი, რომ ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა საუბნო საარჩევნო კომისიების შესწორების ოქმები, რომელიც საუბნო შემაჯამებელი ოქმების განუყოფელი ნაწილია და არაერთი არჩევნებია წარმოადგენს დამკვიდრებულ საკანონმდებლო მექანიზმს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული საჭიროებს დაზუსტებას და მეტი ინფორმაციის წარმოდგენას, რაც აუცილებელია საკითხის ობიექტური შესწავლის, შეფასებისა და ზოგადად პროცესის სანდოობისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას ამ და ნებისმიერ სხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს როგორც “სამართლიან არჩევნებთან”, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.