საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები და მიღწევები – ჯიბიდან გადახდის წილი 17%-ით შემცირდა

2010-2019 წლებში ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება გასამმაგდა და 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია. 73 %-დან 56 %-მდე შემცირდა ჯიბიდან გადახდის წილი, თუმცა, კვლავ მაღალია ევროკავშირისა (16%) და რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ( 38%).

როგორც ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული, 2030 წლისათვის ჯიბიდან გადახდის წილი საქართველოში 30 %-მდე უნდა შემცირდეს.

როგორც Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, მართალია, ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში გასამმაგდა, თუმცა, სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მშპ-სთან მიმართებით კვლავ დაბალია.

ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ჯანდაცვაზე დანახარჯები მშპ-ის 7%-ს შეადგენდა 2019 წელს, რაც ახლოსაა შესადარისი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან, თუმცა, დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე კვლავ ბევრად დაბალია ევროპისა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. აქვე განმარტებულია, რომ, შერჩეული ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით, საქართველოში ჯიბიდან გადახდები მშპ-სთან მიმართებით მაღალია.

აღსანიშნავია ისიც, რომ, კვლევის თანახმად, საქართველოში შინამეურნეობების მთლიანი ხარჯების 10.8% ჯანდაცვაზე იხარჯება. ჯანდაცვის წილი შინამეურნეობების დანახარჯებში ევროკავშირთან შედარებით 3-ჯერ მაღალია.

პრობლემად რჩება ასევე ექიმების სიჭარბე და ექთნების დეფიციტი. საქართველოში ერთ ექიმზე მხოლოდ 0.6 ექთანი მოდის, ხოლო ევროპის ქვეყნებში – 2-დან 5-მდე ექთანი. შედეგად, ქართველი ექიმები 3-5-ჯერ ნაკლებად პროდუქტიულები არიან ევროპული ქვეყნების კოლეგებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებ პაციენტებს ემსახურებიან.
საქართველოში კერძო მოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოების ხვედრითი წილი საავადმყოფოთა მთლიან რაოდენობაში 86%-ს შეადგენს, დანარჩენი 14% (ძირითადად, სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, როგორებიცაა ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური და ა.შ.) კი სახელმწიფო საკუთრებაშია.

მნიშვნელოვან რეფორმებად სახელდება საავადმყოფოების პრივატიზება. დაინერგა მოსახლეობის მოწყვლადი ფენის (მოსახლეობის 21.3%) ჯანმრთელობის დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით. სპეციალისტების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ დანერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მოხდა 150-მდე საავადმყოფოს მშენებლობა/რეაბილიტაცია. აიკრძალა მეორე ჯგუფის მედიკამენტების (ხელმისაწვდომი მედიკამენტების 50%) ურეცეპტოდ გაყიდვა.

მნიშვნელოვან რეფორმად სახელდება ასევე სამედიცინო საქმიანობისთვისა სალიცენზიო მოთხოვნების გამარტივება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ანაზღაურებადი გახდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, დაფიქსირდა გარკვეული კარდიოქირურგიული მომსახურებების ტარიფები.

Galt&Taggart-ის მონაცემებით, საწოლფონდი საქართველოში 2013 წლიდან იზრდება და 2019 წელს 17.5 ათასი საწოლი შეადგინა (1,000 მოსახლეზე 4.7). შესაბამისად, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საწოლების რაოდენობა მოსახლეობასთან მიმართებით მაღალია.

რაც შეეხება პანდემიის მართვას. COVID-19-ის გავრცელება საქართველოში მაღალია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 100,000 მოსახლეზე 4,400-ს აღწევს, 10 დეკემბრის მდგომარეობით. გარდა ამისა, ტესტების დადებითობის მაჩვენებელმა ნოემბერში 30%-ს მიაღწია, რაც მიანიშნებს, რომ ტესტირება არასაკმარისია ყველა ინფიცირებულის გამოსავლენად. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ხელახლა დაწესდა შეზღუდვები მობილობის შესამცირებლად.

COVID სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1%-ზე ნაკლებია, რაც ევრაზიის ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაზე დაბალი ინდიკატორია. ამჟამად, 7,200-ზე მეტი COVID საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6,900 დაკავებულია 10 დეკემბრის მდგომარეობით. თუმცა, ჰოსპიტალიზაციის დონის შემცირება შესაძლებელია, რაც შეამსუბუქებს ტვირთს ჰოსპიტალურ სექტორზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები