პროექტი – „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი – „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის” (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, დასრულდა.

აღნიშნული პროექტის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი – ლუიზა ვინტონი მონაწილეობდნენ.

,,გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სტანდარტები დანერგა. მონიტორინგი ხორციელდება რვა ავტომატური სადგურის მეშვეობით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აგროვებენ მონაცემებს ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ. მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ პორტალზე www.air.gov.ge

მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის სადგურების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, შეიქმნა მათი მომსახურების ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადდა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

სააგენტომ ასევე შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“პროგრამის (CAFE დირექტივა) მოთხოვნებთან.

აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: მონაცემთა გადამოწმებისა და ვალიდაციის სისტემა, რომლის გამოყენებითაც მოხდება მაღალი ხარისხის სტატისტიკური მონაცემების შედარება დროის ინტერვალებისა და ლოკაციების მიხედვით; ტექნიკური რეგლამენტი მონიტორინგის კრიტერიუმებისა და სიხშირის შესახებ, რომელიც ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მომზადდა და განვითარების გეგმა (გზამკვლევი), რომელშიც აღწერილია სამომავლო ნაბიჯები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გასაუმჯობესებლად”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები