ბორჯომში, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე ,,საქმიანი ეზო” მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. „საქმიანი ეზო“ მოეწყო ბორჯომში, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე მოეწყო, რომელიც დაახლოებით 15 სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.
როგორც ,,კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობასა და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.
„ჩვენი მიზანია ტყითსარგებლობა გახდეს უფრო ეფექტური. ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვის ახალ მოდელზე გადასვლა, სწორედ ამის წინაპირობაა, რაც შეამცირებს ტყეზე უარყოფით გავლენას და უკანონო ჭრის რისკებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობას გაუადვილდება როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანის შეძენა ნებისმიერ დროს“ – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ალადაშვილმა.
„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია, ჯამურად, 18 ობიექტზე – იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.