საგარეო უწყება: საქართველოსა და გერმანიას შორის ქართულ-გერმანული ბიზნეს დიალოგი ჩამოყალიბდა
საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან ნიკოლას ლიობელთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ახალი ინიციატივა ქართულ-გერმანული ბიზნეს დიალოგის დაარსების შესახებ. აღნიშნული დიალოგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ამასთან, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საინვესტიციო მიმართულებასაც.
,,ქართულ-გერმანული ბიზნეს დიალოგი ითვალისწინებს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს-სექტორის ჩართულობას,ასევე DCFTA-ის ფარგლებში გერმანიის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდის ხელშეწყობას. დიალოგის ფარგლებში, მომავალ წელს არაერთი აქტივობა იგეგმება. აღსანიშნავია,რომ დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პანდემიის პირობებში, იმ ფონზე,როდესაც კრიზისიდან გამოსასვლელად, სახელმწიფოებისთვის ეკონომიკის გაძლიერება უპირველეს მიზანს წარმოადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.