ვინ არის ქალი, რომელმაც ვლადიმერ პუტინს „სილა გააწნა“

ორიოდე დღის წინ მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში, დიდი ეროვნული კრების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის – მაია სანდუს მომხრეებმა მოაწყეს. მაია სანდუმ მომხრეები ქუჩებში მას მერე გამოიყვანა, რაც 3 დეკემბერს პარლამენტმა პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური გაიყვანა.

არჩევნებში გამარჯვებული სანდუ პრეზიდენტის პოსტს 24 დეკემბერს დაიკავებს, მანამდე კი, როგორც ჩანს, პრორუს იგორ დოდონის მიმართ ლოიალური პარლამენტი ახალარჩეული პრეზიდენტის ძალის შესასუსტებლად ყველაფერს აკეთებს. დოდონის მხარდამჭერმა დეპუტატებმა სასწრაფოდ დაუჭირეს მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლების შეკვეცას გულისხმობს. ამას გარდა, პარლამენტმა რუსული ტელეარხების მაუწყებლობაზე აკრძალვა მოხსნა  და რუსულ ენას განსაკუთრებული ენის სტატუსი დაუბრუნა. სანდუს მომხრეები ამ ნაბიჯებს „ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას“ უწოდებენ.

ბევრი პოლიტოლოგი და ექსპერტი თვლის, რომ მაია სანდუ მოლდოვას ევროპულ რელსებზე დააბრუნებს, მისი გამარჯვება კი პუტინისთვის საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია. თუმცა, პროტოკოლურად, მოსკოვი აცხადებს, რომ პატივს სცემს მოლდოველი ხალხის არჩევანს.

რუსი პოლიტოლოგი – ილია გრაშენკოვი  „ბიბისი“-სთან საუბარში ამბობს, რომ არსებობს მოვლენების განვითარების ორი სცენარი: „პირველი ის არის, რომ კრემლი სანდუს „დამარხვას“ დაიწყებს და ათას საშინელებას მოყვება რუმინეთსა და ევროკავშირთან გაერთიანების შესახებ, დღის სინათლეზე გამოიტანს პრეზიდენტის ყველა ცოდვას, მეორე სცენარი თანამშრომლობაა.“ ამავე გამოცემასთან ინტერვიუში პოლიტოლოგი ოლეგ ბონდარენკო ფიქრობს, რომ სანდუს გამარჯვება კრემლის რეგიონული პოლიტიკის კურატორების დამარცხებაა და დოდონის წაგებაც კანონზომიერი იყო. მოლდოველებს მობეზრდათ მუდამ რუსეთის ხელებში ყურება, საიდანაც არანაირი სიკეთე არ ჩანდა, კორუფციონერი პრეზიდენტი, რომელიც ქრთამებს იღებდა და გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების ხელში  გაყინული დარჩა.

ახლა კი, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტი  პროდასავლელი რეფორმატორი ქალი გახდა.

მან უკვე მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედროები დნესტრისპირეთიდან, რომელიც არაღიარებულ რესპუბლიკად არის ჩამოყალიბებული. საუბარია რუსეთის ჯარის ოპერატიულ ჯგუფზე, რომელიც „მოლდოვას ტერიტორიაზე რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტების გარეშე“ და მოლდოვური მხარის თანხმობის გარეშე იმყოფება – ასე განაცხადა სანდუმ 30 ნოემბერს კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, ის ამ თემაზე მოლაპარაკებების გამართვას მოსკოვთან უახლოეს მომავალში აპირებს. მისი თქმით, რუსი მშვიდობისმყოფელები მოლდოვაში 1992 წლის შეთანხმების თანახმად იმყოფებიან, თუმცა, რადგან დნესტრისპირეთში „დიდი ხანია, არ მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები, მშვიდობისმყოფელთა მისია სამოქალაქო უნდა გახდეს  და ეუთო-ს  ეგიდით უნდა გაგრძელდეს“.  ამავე დროს, პრეზიდენტი სანდუ რუსეთთან „საუკეთესო ურთიერთობების“ მომხრეა და აღნიშნავს, რომ არსებობს უამრავი სხვა თემა ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოლდოვას მოქალაქეების უმრავლესობა როგორც რუსეთთან, ასევე ევროკავშირთან კარგი ურთიერთობებს უჭერს მხარს.

49 წლის მაია სანდუ პროდასავლური მიმართულების პოლიტიკოსად დიდი ხანია, ითვლება. მან არჩევნები მოუგო მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში “ვლადიმერ პუტინის მთავარ მომხრეს” უწოდებდნენ. პრეზიდენტის სტატუსით თავისი პირველი ვიზიტი 2016 წელს დოდონმა სწორედ მოსკოვში განახორციელა და  პუტინს დაჰპირდა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირთან შეთანხმებას გააუქმებდა, ნატო-სთან დაახლოებას შეწყვეტდა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდოდა. თუმცა, ამ ყველაფრის გაკეთება დოდონმა მაშინდელი პარლამენტის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო. წლების განმავლობაში დოდონი მოსკოვს რეგულარულად სტუმრობდა, 2020 წლის არჩევნების წინ კი პუტინმა მას საჯაროდ დაუჭირა მხარი.    კრემლმა კი მას  ფარულად რუსი პოლიტტექნოლოგებიც გაუგზავნა და სხვადასხვა ფარული დახმარებაც გაუწია. დოდონის 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პირველი პუნქტი რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენდა და მხოლოდ მეორე პუნქტად სახელდებოდა მოლდოვას გაერთიანება, ანუ დნესტრისპირეთის საკითხის გადაწყვეტა.

სანდუს კი ამ არჩევნებზე საჯაროდ მხარს უჭერდა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი, ასევე, ევროსაბჭოს თავმჯდომარე – დონალდ ტუსკი.

მნიშვნელოვანია, რომ მაია სანდუ მეზობელი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც პატივს სცემს და, პრორუს  იგორ დოდონისგან განსხვავებით,  ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს. დღემდე უკრაინაში დოდონი პერსონა ნონ გრატად ითვლება. მას ზურგი შეაქცია მეორე მეზობელმა,  რუმინეთმაც. იგორ დოდონი თავის საპრეზიდენტო კამპანიას საზოგადოების რადიკალიზაციაზე აგებდა, მისმა რუსმა პიარტექნოლოგებმა სცადეს მოსახლეობის შეშინება იმით, რომ სანდუს გაპრეზიდენტების შემთხვევაში რწმენის თავისუფლება შეიზღუდება, დასავლური ღირებულებები ახალგაზრდობას გარყვნის  და სხვა. თუმცა, სანდუს წინააღმდეგ ამოქმედებულმა შავმა პიარმა იგორ დოდონს ვერ უშველა. მოლდოვაში პუტინიზმი დამარცხდა, ვლადიმერ პუტინს მოლდოველმა ქალმა „სილა გააწნა“. ახლა კი ამ ქალბატონს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, მისი ბრძოლა არ დამთავრებულა, რადგან კრემლს „მშვიდობისმყოფელები“ მოლდოვიდან ჯერ კიდევ არ გაუყვანია, ხოლო მოლდოვის პრორუსი პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მაია სანდუს როგორც დასავლეთთან დაახლოებაში, ისევე ქვეყნის მართვაში ხელი შეუშალონ.

ნაილი ქანთარია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები