ტელეკომპანია „იბერია TV"-მ მაუწყებლობა განაახლა

   ტელეკომპანია „იბერია TV”-მ ათწლიანი პაუზის შემდეგ მაუწყებლობა განაახლა. როგორც „კვირას“ ტელეკომპანიის დირექტორის მაკა ჯაფარიძემ განუცხადა, არხი შემეცნებით -გასართობი იქნება და ჯერჯერობით საინფორმაციო გამოშვება არ გავა.
„არხი ჩვენს მფლობელობაში მოდერნიზებული დაგვიბრუნდა, მიმართულება შეიცვალა და საინფორმაციო გამოშვება არ იქნება. შემეცნებით-გასართობ არხზე მხატვრული ფილმებიც გავა“, – აღნიშნა მაკა ჯაფარიძემ.
განახლებულმა „იბერია TV”-მ მაუწყებლობა 3 თებერვალს დაიწყო.
ტელეკომპანია “იბერია”, რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ფლობდა, 2004 წელს დაიხურა, როდესაც ამ უკანასკნელის კუთვნილ კომპანია “ომეგაში” სპეცრაზმი შევიდა. „იბერიის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელეკომპანიას სამაუწყებლო ლიცენზია (№B106 ლიცენზია) ზეწოლით ჩამოერთვა და ტელეკომპანია ,,აისს” გადაეცა, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა. “იბერიის” კუთვნილი სამაუწყებლო სიხშირის ამჟამინდელი მფლობელი ტელეკომპანია „აისი”, გიორგი არველაძის გენერალური დირექტორობის პერიოდში, „იმედის” მედიაჰოლდინგის მფლობელობაში შევიდა, ხოლო როდესაც მან “იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნა, ზემოხსენებული სიხშირეც გადასცა. შესაბამისად, აღნიშნული სიხშირე “იმედის” მმართველ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მფლობელობაში აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები