ფოთის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, ასლან ვაშაყმაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ფოთის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, ასლან ვაშაყმაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოზე დაცვის მხარემ ასლან ვაშაყმაძის გირაოს 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე დავით კეკენაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს და ამჟამად ოქრუაშვილის თანაპარტიელს გამოძიება ძალადობრივი ქმედების მოწოდებისა და სამართალდამცავებზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვაშაყმაძეს  თავისუფლების 4-დან 7 წლამდე  აღკვეთა ემუქრება.

საქმე ეხება 30 ნოემბერს ასლან ვაშაყმაძის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, სადაც ის სამართალდამცველებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,  2 დეკემბერს ფოთში უწყების გადასაცემად მისულ სამართალდამცველებს ვაშაყმაძე თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

ასლან ვაშაყმაძე თბილისის სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომდევნო სასამართლო სხდომა 2021 წლის 25 იანვარს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები