თამარ გაბუნია: 31 წლის ორსული ქალის გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას
“რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის გარდაცვალების ყველა შემთხვევას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აუდიტის ჯგუფი შეისწავლის საყურადღებო შემთხვევებს, როგორიც არის ბათუმში 31 წლის ქალის გარდაცვალება.
,,ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების გარდაცვალების ყველა შემთხვევას სწავლობს. აუდიტის ჯგუფი მუშაობს სპეციალურად ამ მიზნებისთვის. რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის გარდაცვალების ყველა შემთხვევას.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება. ორსულობა მაქვს მხედველობაში. ყველა პაციენტის გარდაცვალება დიდი დანაკარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით რთულია. ის ინფორმაცია, რომელიც კლინიკიდან გვაქვს, მიუთითებს, რომ ეტაპები, რომელიც გაიარა პაციენტმა, არის ის ეტაპები, რომლებიც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. უფრო ღრმა ანალიზს რა თქმა უნდა გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.