თამარ გაბუნია: გუშინ იყო პირველი დღე, ანტიგენითა და PCR ტესტებით ტესტირებულთა რაოდენობამ 17 ათასი შეადგინა
“ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, რომელთაც აქვთ სიმპტომები. ტესტი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 3 დეკემბერს ანტიგენითა და PCR ტესტებით ტესტირებულთა რაოდენობამ 17 ათასი შეადგინა.
,,გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ინტენსიური ტესტირება ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის 1 400 შემთხვევა დაფიქსირდა. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები. ტესტი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.
ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველი კონტაქტია ოჯახის ექიმი. მისი რჩევით, მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ეს შეიძლება, იყოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, საოჯახო მედიცინის ცენტრი, პოლიკლინიკა. იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამაში. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 15 2704 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 6904-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 425 მოქალაქე.