თამარ ჟვანია: ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ ჩართულ მხარესთან თანამშრომლობისთვის, ოღონდ არა – პოლიტიკური მოთხოვნების გამო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე რთული არჩევნები იყო.
მისივე თქმით, სირთულე განპირობებული იყო იმ ძალიან სერიოზული გამოწვევებით, რომელიც პანდემიას უკავშირდება.
“ეს იყო ყველაზე რთული არჩევნები, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციას ჩაუტარებია. ეს იყო განპირობებული იმ ძალიან სერიოზული გამოწვევებით, რომელიც უკავშირდება პანდემიას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა საოცარი სამუშაო გასწიეს, იყო ათმაგად მეტი პროცედურა და დატვირთვა, ვიდრე აქამდე რომელიმე არჩევნები ჩატარებულა. ხმები ყველამ ერთად დათვალა, კომისიის წევრებთან ერთად, ხმებს საარჩევნო სუბიექტებიც ითვლიდნენ და ოქმები შედგენილია ერთობლივად, ყველას მიერ, ვინც საარჩევნო უბანზე ამ პროცესში მონაწილეობდა. 8000-მდე ოქმიდან მხოლოდ 4 შემაჯამებელ ოქმშია განსხვავებული აზრი, მხოლოდ პოლიტიკური სენტენციებიდან გამომდინარე გაჩნდა კითხვის ნიშნები, რომელიც, როგორც ჩანს, იგეგმებოდა გარკვეული მიზნებისთვის, დისკრედიტაციის ნიშნები ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდშიც. ცხადია, არის შენიშვნები და რეკომენდაციები, მაგრამ ეს რეკომენდაციები ყოველთვის იყო, ყოველთვის არსებობს გარკვეული ხარვეზები და ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ მომავალში გაუმჯობესდეს ყველაფერი. ჩვენ ყოველთვის ვართ ღია თანამშრომლობის ფორმატში ნებისმიერ ჩართულ მხარესთან ვითანამშრომლოთ, ოღონდ არა – პოლიტიკური მოთხოვნების გამო“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.