„ცხენის ტერფი“ ანუ „დიდუბე“

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, დიდუბეზე, იგივე „ცხენის ტერფზე“ მოგიყვეთ.


„ცხენის ტერფი“ დიდუბის ადრინდელი დასახლებაა. ცნობას ამის თაობაზე ვახუშტი ბაგრატიონი გვაწვდის:

ტფილისის ჩრდილოთ არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა ცხენის ტერფი“.

„ცხენის ტერფი“ სხვა წყაროებშიც გვხვდება. იგი მოხსენიებულია ქართველი მემატიანის, ჯუანშერის მიერ, როდესაც იგი სპარსელებთან ვახტანგ გორგასალის ერთ-ერთი შებრძოლების ამბავს მოგვითხრობს:

ხოლო ვახტანგ განაძლიერნა ციხე-ქალაქნი, და ურჩეულესი მებრძოლი ერისა მისისა ვითარ ასი ათასი მხედარი, და ასი ათასი ქუეითი იპყრა მის თანა, და დაუბანაკა მათ დიღმით ვიდრე ქართლის კართამდე, და სპარსთა დაიბანაკეს ვიდრე ცხენის – ტერფითგან ჩაღმართ“ (ქართლის ცხოვრება).

რაც შეეხება თავად „დიდუბეს“, დასახელება წარმოდგენილია ორი სიტყვისაგან „დიდი დუბე“. ეს უკანასკნელი ვაკე ადგილს ნიშნავდა. საბა ასე განმარტავს თავის „სიტყვათა კონაში“: „დუბე – დაბალი ადგილი“. „ქართლის ცხოვრებაში“ დიდუბე მოხსენიებულია თამარ მეფის ქორწილთან დაკავშირებით (1189 წ.), რომელიც მან დიდუბის ქალაქგარეთ რეზიდენციაში გადაიხადა, თუმცა ეს დასახლება უფრო ადრინდელ – IX საუკუნის სიგელშიაც გვხვდება. შუა საუკუნეებში აქ არსებობდა დასახლება, სადაც განლაგებული იყო მეფის სასახლე, ეკლესია, ბაღები და სარწყავი არხი. საქართველოში მოგზაურობისას (1779–72 წწ.) რუსეთის აკადემიის აკადემიკოსმა, გიულდენშტედმა ნახა ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელიც XVIII საუკუნის 40–იან წლებში უნდა იყოს აგებული ლეკთაგან დასაცავად, დაახლოებით იქ, სადაც ახლა „დინამოს“ სტადიონია. სოფელი დიდუბე გაფართოებას იწყებს გასული საუკუნის შუა ხანიდან. ადგილი განსაკუთრებით ინტენსიურად იწყებს განაშენიანებას მე–19 საუკუნის 60–იანი წლებიდან, როდესაც დიდუბე თბილისს შემოუერთეს. 90–იან წლებში დასახლებამ რკინიგზას გადააბიჯა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროისათვის დიდუბე განაშენიანებული იყო საცხოვრებელი სახლებით. აქვე იყო იპოდრომი. ჩვენამდე მოღწეული დიდუბის ეკლესია 1844 წელს არის აგებული, ადრე (მე–17 საუკუნიდან) არსებულ და დანგრეული ღვთისმშობლის ეკლესიის ადგილზე.

ორჯონიკიძის სახელობის პარკს არსებობის საუკუნე ნახევრიანი ისტორია აქვს (იგივე „მუშთაიდი“). პარკის სიახლოვეს 1935 წელს აშენდა „დინამოს“ სტადიონი. სტადიონის არქიტექტურამ თავისი ადგილი დაიმკვიდრა საბჭოთა არქიტექტურის ისტორიაში, როგორც ერთ–ერთმა შესანიშნავმა სპორტულმა ნაგებობამ. 1967 წელს დაიწყო სტადიონის რეკონსტრუქცია, რაც, ფაქტობრივად, ძველის ახლით შეცვლით დამთავრდა (არქიტექტორები ა. ქურდიანი და გ. ქურდიანი).

დიდუბეში აგებულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია დიდუბის ხიდი (ახლანდელი დასახელებით: შალიკაშვილის ხიდი), რომელიც ყოფილი ბორნის მოძრაობის ხაზზე გაშენდა 1953 წელს ინჟინერ ვ. დიდიძის და არქიტექტორ ა. ქურდიანის პროექტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები