გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, ბრალდებულების პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, პანდემიის პირობებში, როცა სხდომების უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, მოსამართლემ შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა კვირაში 2 დღის ნაცვლად 3 დღე გადაწყვიტა.
„დღეს სასამართლომ მიიღო მორიგი უკანონო გადაწყვეტილება. იმის მიუხედავად, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია და სასამართლოებს რეკომენდაციით მიმართა, რომ შეძლებისდაგვარად ყველა პროცესი გადადონ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, დღეს ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ იმ საქმეზე, სადაც არანაირი ვადა არ არსებობს, არ არის გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, დაემატებინა კვირაში კიდევ ერთი დღე და ასეთი ინტენსივობით გაგრძელებულიყო საქმის განხილვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლო შეგნებულად აჩქარებს ამ პროცესის განხილვას მიუხედავად იმისა, რომ ვადებში არ არის შეზღუდული. მათ დავალება აქვთ მიღებული, რაც შეიძლება, მალე დაამთავრონ ეს საქმე და მიიღონ ის უკანონო დავალება, რაც სასამართლოს აქვს მიღებული. ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პროცესი და ადვოკატებს გვითხრეს, რომ სანამ მათთან არ გავივლით კონსულტაციას, არ გავაგრძელოთ მათი დაცვის უფლების გაგრძელება“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.