“ავადმყოფს ჯანმრთელიც ავად ეგონა” – რუსეთში სტოლტენბერგის განცხადებას უპასუხეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, ანექსირებული ყირიმის სენატორის, სერგეი ცეკოვის თქმით, ნატო-სთვის რუსეთის დადანაშაულება იმაში, რომ ის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს, ერთგვარი ფარია, შავ ზღვაში საკუთარი ყოფნა გააძლიეროს.

ამის შესახებ ცეკოვმა ალიანსის გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომლის მიხედვით, რუსეთი ანექსირებულ ყირიმში, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სამხედრო პოტენციალს ზრდის.

ცეკოვის თქმით, რუსეთი ყირიმის რაიონში, ასევე, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე მოქმედებს.

“რუსეთი ყირიმის რაიონში, ასევე, შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოქმედებს. რაც შეეხება ნატო-ს, სწორედ ისინი აძლიერებენ საკუთარ ყოფნას რეგიონში და მათთვის ერთგვარი ფარია რუსეთის, თითქოსდა, გააქტიურებაში დადანაშაულება. შეუძლებელია, ეს შეშფოთებას არ იწვევდეს”, – თქვა მან.

მისი თქმით, ავადმყოფს ჯანმრთელიც ავად ეგონა.

“სწორედ ნატო ზრდის შეიარაღებას და ძალიან თავხედურად და აგრესიულად იქცევა. რუსეთის ქმედება კი მხოლოდ საპასუხო ზომას ატარებს ნატო-ს ასეთ აგრესიულ პოლიტიკაზე”, – თქვა რუსმა სენატორმა.


 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები