შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი – 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ.
“სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა, მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად მიმდინარე წლის 2 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.
ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლითა და 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით. დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.