“ღრმა შეშფოთებას იწვევს სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და დაჩქარება” – გიგი წერეთელი ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე მოხსენებით წარდგა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაში ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის ელჩი, აღმასრულებელი და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამოსვლაში გიგი წერეთელმა ისაუბრა პანდემიის პირობებში საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე, არსებულ სირთულეებზე, რეგიონული კონფლიქტების, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხეების, დემოკრატიული არჩევნებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით. მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთო-მ უნდა შეძლოს, საკუთარი პოტენციალით დაეხმაროს უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას მსოფლიოში.

„იმის გათვალისწინებით, რომ მზარდი ტრანსნაციონალური და გლობალური გამოწვევები ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ემუქრებიან, ორგანიზაციისთვის აუცილებელია რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც მას სასწრაფოდ სჭირდება ძველი თუ ახალი სირთულეების დასაძლევად”, – განაცხადა წერეთელმა.

მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ეუთო-ს სივრცეში კვლავ დიდია დაყოფა და დაპირისპირება. ცალკეული ქვეყნები კი არ ასრულებენ ვალდებულებებს და არღვევენ ფუნდამენტურ პრინციპებს.

„მთიანი ყარაბაღის გამო ომი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გადაუდებელი აუცილებლობის მტკივნეული შეხსენებაა. ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზული მოლაპარაკებების საშუალებას მოგვცემს და საბოლოო შედეგი ხანგრძლივი მშვიდობა იქნება”, – აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, საჭიროა ზემოქმედება ეუთო-ს რეგიონში არსებულ სხვა კონფლიქტებზეც.

უკრაინასა და საქართველოში შეთანხმებების შესასრულებლად და გონივრული გადაწყვეტილებებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე წარიმართოს.

„ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სრულიად მიუღებელია. 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა, სამხედრო ძალების მეშვეობით ოკუპაცია, ინტენსიური უკანონო ბორდერიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ტერორი, რაც საფრთხეს უქმნის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ღრმა შეშფოთებას იწვევს, სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და დაჩქარება, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც ქართული ტერიტორიები”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე მოხსენებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები ევროკავშირის, აშშ, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის ელჩებმა გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები