გოჩა თუთბერიძე: ვირუსული პანდემიიდან გაკოტრების პანდემიამდე მივალთ

კოვიდ პანდემიისა და, შესაბამისად, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, მთავრობა იძულებული გახდა, ეკონომიკური აქტივობა მეორედ შეეზღუდა. რა შედეგებამდე მიიყვანს ეს საქართველოს ეკონომიკას? „კვირა“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ეკონომისტ გოჩა თუთბერიძეს ესაუბრა.

-საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში ეკონომიკა 3.9 %-ით შემცირდა, ცხრა თვეში – 5.1 % -ით. პანდემიის გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა, ეკონომიკის ნაწილი ჩაეკეტა. ამ ყველაფრის ფონზე, წლის ბოლოსათვის რა სურათს მივიღებთ?

ვფიქრობ, წლის ბოლოსათვის გაცილებით ცუდი შედეგი გვექნება. ამ შეზღუდვების გამო დეკემბერი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია, ფაქტობრივად, ჩავარდება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუარესდება.

-რიცხვებში ეს როგორ აისახება?

ძნელია ამის თქმა. თავდაპირველი “ლოქდაუნის” დროს ეკონომიკა თითქმის 16 %-ით შემცირდა. ახლა, ალბათ, ასეთი მკვეთრი კლება არ იქნება, მაგრამ დაახლოებით ანალოგიურ სურათს მივიღებთ. ეს ახალი ჩაკეტვა დიდწილად მომავალი წლის შედეგებზე აისახება. საერთოდ, თებერვალი და მარტი ეკონომიკური თვალსაზრისით სტაგნაციის თვეებია და ამას თუ მიმდინარე წლის დეკემბერიც დაემატება, საკმაოდ მძიმე სურათს მივიღებთ.

-მთავრობა ვარაუდობდა, რომ 2021 წელს ეკონომიკა, დაახლოებით, 5 პროცენტით გაიზრდებოდა. ბოლო მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკის 4.3 %-იანი ზრდის ვარაუდი გამოთქვა. თქვენ რას ფიქრობთ?

ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ არ მგონია, რომ 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 3 %-ს გადააჭარბოს. მიმდინარე წლის უარყოფითი მოვლენები თავს სწორედ 2021 წელს იჩენს. გაკოტრებები წავა, გვექნება ძალიან ბევრი გაკოტრება. მოკლედ, ვირუსული პანდემიიდან მივალთ გაკოტრების პანდემიამდე. სხვათა შორის, ეს მარტო საქართველოში არ იქნება. მთელს მსოფლიოში საკმაოდ რთული და მძიმე ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნება.
იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის მდგომარეობას დაუბრუნდეს, ამას ალბათ, 3-4 წელი დასჭირდება.

-შექმნილ სიტუაციაში მთავრობას ალბათ ახალი ვალის აღება მოუწევს და საგარეო ვალმა მშპ-სთან მიმართებით შესაძლოა, 60 %-საც გადააჭარბოს. ეს რა პერსპექტივას გვიქადის?

ჩემი აზრით, ვალი 60 %-საც გადააჭარბებს. თუმცა, მე ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. საგარეო ვალი შესაძლოა, მშპ-ის 100 % იყოს, მთავარია, ამ ვალს როგორ გამოვიყენებთ. მოკლედ, ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით რამდენი იქნება, ეს არ არის გადამწყვეტი. თუ ახალ ვალსაც ისე განვკარგავთ, როგორც -აქამდე აღებული ვალებს, ანუ ძირითადად ბიუროკრატიის შენახვას მოვახმართ, ნამდვილად მძიმე სურათს მივიღებთ.

-თანხა, ანუ 1.1 მილიარდი ლარი, რის დახარჯვასაც მთავრობა ბიზნესის წასახალისებლად და გარკვეული სოციალურ მიმართულებებზე გეგმავს, საკმარისია?

არა, რა თქმა უნდა. ეს არის მხოლოდ იმიტაცია იმისა, რომ მთავრობა ბიზნესსზე ზრუნავს. სხვა ტიპის ღონისძიებებია საჭირო.

-კერძოდ?

რეალური რეფორმები უნდა გატარდეს. მაგალითად, შემცირდეს სამთავრობო ბიუროკრატია და, შესაბამისად, ამ ბიურაკრატიის შენახვაზე გამოყოფილი თანხები. აუცილებელია გადასახადების შემცირებაც.

-მაგალითად, რომელი გადასახადის?

უნდა შემცირდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი, რა მოცულობით – ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელოა. აქციზის გადასახადის შემცირებაც შეიძლება. უნდა იზრუნონ მცირე და საშუალო და არა – მსხვილ ბიზნესზე. მსხვილი ბიზნესიც მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტს დიდწილად სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი ავსებს. ასე რომ, ამ მიმართულებით სამუშაოა. მსხვილი ბიზნესის კონტრიბუცია სახელმწიფო ბიუჯეტში მიზერულია და, აქედან გამომდინარე, მთავრობამ, პირველ ყოვლისა, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებით უნდა იხელმძღვანლოს.

ლარს რა მომავალი აქვს. ერთი დოლარი 4 ლარი ხომ არ გახდება?

არ არის გამორიცხული. ლარის გაუფასურება რომ შეაჩეროს, ეროვნულ ბანკს საკმარისი ბერკეტები არ გააჩნია. თან ეს არც არის მისი პირდაპირი მოვალეობა. ეროვნულმა ბანკმა, ერთი მხრივ, არ უნდა დაუშვას, რომ კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა არ შეექმნათ, თან ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ბაზარზე უცხოური ვალუტა უნდა გაყიდოს. ამას აკეთებს კიდეც. ბოლო ერთ წელში თითქმის მილიარდი დოლარი გაყიდა რეზერვებიდან, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ამის ერთ -ერთი მიზეზი ისაა, რომ, სავალუტო რეზერვების ხარჯვასთან ერთად, ეროვნული ბანკი იძულებულია, ბანკების ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად მათ ფულადი რესურსი მიაწოდოს. ანუ ზრუნავს, რომ ბანკები არ გაკოტრდეს. მოკლედ, ცენტრალური ბანკი ერთდროულად არის მაკროპრუდენციული და მიკროპრუდენციული რეგულატორი, რაც სერიოზულ პრობლებას ქმნის. ეროვნული ბანკი ერთი ჯიბიდან იღებს ფულს და მეორეში იდებს, რაც ბუნებრივია, საჭირო შედეგს არ იძლევა.

-არის მოსაზრება, რომ მთავრობა ბიზნეს ერთგვარ გარანტორად უნდა დაუდგეს და საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია გადავადებაში დაეხმაროს?

არ მგონია, ამან სასურველი შედეგი გამოიღოს. ეგ როგორი რაღაცაა, იცით, ერთ ნავში რომ ვზივართ და ჩაძირვის შიშით ტვირთს ერთმანეთს რომ გადავუნაწილებთ. როდემდე შეძლებს ამის გაკეთებას მთავრობა. ეგეც რომ არ იყოს, ჩვენი ჯიბიდან, ანუ გადამხდელების ხარჯზე რატომ უნდა გაკეთდეს, ეს მე არ მესმის. ვიღაცამ ფული ისესხა, ვალდებულება აიღო და მე ან თქვენ რა შუაში ვართ?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები