თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში ტარდება, ბრალდებულები სასამართლოს დისტანციურად ესწრებიან.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებიან, ისინი დაკავებულებს პირად თავდებში უდგებიან.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა. საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკასა და არჩევნებს უკავშირდება. 7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს, 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.