რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია – პუტინის იმპერიის დასასრულის დასაწყისი

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, პუტინის რუსეთი კი ასეთ მძიმე ვითარებაშიც არ ამბობს უარს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასტიკი მეთოდების გამოყენებაზე. ამ დროისთვის რეჟიმის ბოლო მსხვერპლი გადარჩენილი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნია. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ, მცირე შესვენების შემდეგ, კრემლი ახალ ობიექტს აუცილებლად ამოიღებს მიზანში.

პუტინის დავალებით მოწამლული ან სხვა ხერხით მოკლული ადამიანების გახსენება რომ დავიწყოთ, ჩამოთვლას ვერასდროს დავასრულებთ. ფიქრობენ, რომ ლეტალური ჩაის „მოჯადოებული წრე“ პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკისა და შემდეგ უკვე თავად ვლადიმერ პუტინის დაცვის წევრით, რომან ცეპოვით დაიწყო. 2004 წელს ცეპოვი ეფესბე-ს ერთ-ერთ შენობაში ჩაის დალევის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს მოწამვლა იყო, თუმცა, საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული.

ცეპოვის შემდეგ გვახსოვს მოსკოვის ცენტრში, თავის სადარბაზოში ნაპოვნი ანა პოლიტკოვსკაიას ცხედარი და მაკაროვის ტიპის იარაღი. პოლიტკოვსკაია პუტინის აქტიური კრიტიკით გამორჩეული ჟურნალისტი იყო. სწორედ მან დაარქვა რუსეთის პრეზიდენტს „განსხეულებული ბოროტება“. მისი მკვლელობის დამკვეთის შესახებ დღემდე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

2006 წელს ეფესბე-ს ყოფილი ოფიცერი, ალექსანდრ ლიტვინენკო მოკლეს. მან ლონდონის ერთ-ერთ  სასტუმროში რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია  და რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრიტანულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა „სავარაუდოდ, ნებადართული იყო“ თავად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ. შემდეგ იყო მოსკოვის ცენტრში ზურგში ნასროლი ტყვიით მოკლული რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს 2018 წელი, როდესაც სოლსბერიში ნერვული აგენტით „ნოვიჩოკი“ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი, იულია მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა კრემლი მკვლელობის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევა.

ყველა ამბავს ერთი რამ აერთიანებს – თანამედროვე რუსული ბოროტების იმპერიის შურისძიება. პუტინი არა მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობების სანქცირებას ახდენს, არამედ ის ცდილობს, ყველაფერი თეატრალურ წარმოდგენას დაამსგავსოს. მესიჯი ყველა ჯერზე ერთია – ნებისმიერი, ვინც კრემლს დაუპირისპირდება, ადრე თუ გვიან პასუხს აგებს ამისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე თუ სხვა სუვერენული სახელმწიფოს მიწაზე.

პუტინის ხელქვეითები შესაშური მონდომებით ასრულებენ ბინძურ ბრძანებებს, მთავარია – ბატონმა განდიდების მანია დაიკმაყოფილოს მაშინ, როცა მოესურვება. ამ დროს კი დასავლურ ქვეყნებს, სადაც საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი და ადამიანის სიცოცხლე რეალურ ფასს ატარებს, ინსტრუმენტად სანქციების დაწესება რჩებათ. ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ბუნებრივია დამატებით სირთულეებს უქმნის, თუმცა, მოსკოვის დადგენილ წესრიგში ესეც მხოლოდ უბრალო ხალხზე ტყდება. მოქალაქეები შიმშილობენ, ჯანდაცვა კორონავირუსის პანდემიის ფონზე წარმოუდგენელ კრიზისშია, კრემლის კომპანიები კი ხან სირიაში ნავთობით და ხანაც გაუგონარი კორუფციით ისევ შოულობენ ფულს.

ამჯერადაც, რუსეთის ხელისუფლება მთავარი ოპოზიციური ფიგურის თავიდან მოშორების მცდელობასთან კავშირს ჯიუტად უარყოფდა, თუმცა, გერმანიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ლაბორატორიებმა ნავალნის “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა დაადასტურეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში მომხდარში პუტინის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მაღალჩინოსნების სავარაუდო კვალზე მკაფიოდ მიუთითებდნენ.  ორგანიზაციამ რუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს სანქციებიც დაუწესა.

მხოლოდ სანქციები რომ ვერ მუშაობს, ამას პუტინი ძალიან ხშირად გვიმტკიცებს.  გახმაურებული მკვლელობების ჯაჭვის გასაწყვეტად ერთ-ერთი გამოსავალი რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაა. ქვეყნები, რომლებისთვისაც  მოქალაქეების სიცოცხლე მნიშვნელოვანია, რომლებისთვისაც  ღირებულებები და ფასეულობები არსებობს, უნდა შეთანხმდნენ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეკონომიკური იზოლაცია კრემლს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საშუალებას წაართმევს, სანქციებთან ერთად ეს უკვე იმხელა პრობლემებს შექმნის, რომ ვერც პრეზიდენტის პირადი გარემოცვის წევრები შეძლებენ უსასრულოდ გამდიდრებას და პუტინსაც დაფიქრება მოუწევს.  რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც ტერორისტისა და დიქტატორის ფუნქციებს წარმატებით ითავსებს, უნდა გაიაზროს, რომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება აღარ გამოუვა. საერთაშორისო საზოგადოების მკაცრმა დამოკიდებულებამ და იზოლაციამ უნდა გადააწყვეტინოს, ღირს თუ არა ქვეყნის იმ მეთოდებით მართვის გაგრძელება, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ავლენს აგრესიას ყველგან, სადაც ამის შანსი მიეცემა.

 

კონსტანტინე ცაავა

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები